თეატრის ისტორია




ოპერის თეატრის ისტორია საქართველოში ას სამოცდახუთ წელს ითვლის. კავკასიის მთავარმართველის, გენერალ-ფელდმარშალ გრაფ მიხაილ ვორონცოვის ინიციატივით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა რვაას  მაყურებელზე გაანგარიშებულ ე.წ. „ქარვასლის თეატრის“ შენობას იტალიელი არქიტექტორის, ანტონიო სკუდიერის ხელმძღვანელობით თეატრი ოთხი წელი შენდებოდა.

ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ამავე წლის 25 ოქტომბერს პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის სტატია თეატრის დარბაზის ორი სურათით. ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია“. განთქმულმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც 1858 წელს თბილისი მოინახულა, თავის წიგნში „კავკასია“, ოპერის თეატრს  მთელი თავი მიუძღვნა. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს“ - წერდა იგი.

 1851 წლის 9 ნოემბერს, საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით, თბილისის პირველი საოპერო სეზონი გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ გახსნა. ეს მოვლენა სახალხო ზეიმად იქცა. სამი თვის განმავლობაში ბარბიერიმ თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა, მათ შორის: ჯუზეპე ვერდის „ერნანი“, ვინჩენცო ბელინის „ნორმა“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ და სხვ. ცნობილია, რომ თბილისის თეატრის პირველ წარმოდგენათა სტუმრები იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰაჯი მურატი; მოგვიანებით, 1857 წელს, სწორედ თბილისის ოპერის სცენაზე შედგა მომავალში სახელგანთქმული სოპრანოს,  ჯუზეპე ვერდის რჩეული მომღერლის, ტერეზა შტოლცის სასცენო დებიუტი.

ახალგახსნილი ოპერის თეატრის მეორე სეზონზე კი პეტერბურგიდან საბალეტო დასი მოიწვიეს, რომელთა შორის ფ. მანოხინი და ე. პანოვი იყვნენ. დასმა 5 ოქტომბერს ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ მეორე მოქმედება და „პოლკა-ვენგერკა“ წარმოადგინა. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისში. მოგვიანებით ფეოდორ მანოხინმა „ჟიზელის“ მეორე აქტიც დადგა. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი  მანვე, 1854 წლის იანვარში წარმოადგინა. ეს იყო შმიდტის ორმოქმედებიანი ბალეტი „გიტანა“ (ტალიონის ქორეოგრაფია).

თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. იტალია იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწეოდა ავსტრიის იმპერიიდან თავდასახსნელად და დიდი კომპოზიტორის ეროვნული სულისკვეთება მახლობელი და გასაგები იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველებისათვის.

მოგვიანებით თბილისში დიდი ინტერესი გამოიჩინეს გერმანული, კერძოდ, რიხარდ ვაგნერის ოპერების მიმართ. როგორც წესი, ევროპაში შექმნილ მაღალმხატვრულ საოპერო თხზულებათა დიდი ნაწილი მალევე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. ოპერა თბილისში სახალხო სანახაობად იქცა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საოპერო დასის შექმნაც გადაწყდა.

1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრი ხანძარმა გაანადგურა. ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ვაჭარი ყაზაროვი დაიჭირეს და 9 წლით გააციმბირეს, თუმცა, სავარაუდოდ, ამაში უმაღლესი ადმინისტრაციის ხელი ერია. ოპერამ 22 წლით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა.  ამ სწორედ პერიოდში, თბილისში მიიღო სასცენო ნათლობა დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა. ამ პერიოდში თეატრის სათავეში რუსი კომპოზიტორი იპოლიტოვ-ივანოვის მოვიდა; ხშირად ჩამოდიოდა პიოტრ ჩაიკოვსკიც.
1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული, 1200 კაცზე გათვლილი, ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა (დღევანდელი შენობა). ეს, ე.წ. „სახაზინო თეატრი“ 1896 წლის 3 ნოემბერს რუსულმა საოპერო დასმა გახსნა მიხაილ გლინკას ოპერით „ცხოვრება მეფისთვის“.

XIX ს. 80-90-იან წ.წ. თბილისში სპექტაკლებს მართავდა პეტერბურგის საიმპერატორო საბალეტო თეატრი, რომლის დასში ცეკვავდნენ სოფია ფიოდოროვა, აისედორა დუნკანი, ვერა და მიხეილ ფოკინები. მიხეილ ფოკინი თბილისში თავის პირველ ნოვატორულ ბალეტებს დგამდა, რომლებმაც შემდეგ  პარიზში, დიაგილევის “რუსულ ბალეტს" აღიარება მოუტანა. 

თბილისში შედგა იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლის, მარია პერინის საზღვარგარეთული დებიუტი. მან ქართველ მაყურებელს პირველად აჩვენა 32 ფუეტე. 1897-1907 წლებში პერინი თბილისის საოპერო თეატრში გამოდიოდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საბალეტო სკოლის საფუძვლის ჩაყრაც.

სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98 წწ., 1910 წ.), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903 წ.), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907 წ.), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08 წწ, 1913 წ.); მღეროდნენ შესანიშნავი მომღერლები.

1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას. პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ 1897 წლის 20 დეკემბერს, პეტერბურგში შესრულდა, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად მიიჩნევა 1919 წელს, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს  - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დეკემბერს კი, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. 1937 წლიდან დღემდე თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ტრადიციულად, ყოველ ახალ სეზონს „აბესალომ და ეთერით“ ხსნის. 

პირველი ქართული კლასიკური ბალეტი, ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ („მთების გული“) 1936 წელს დადგა თანამედროვეობის უდიდესმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა, მამაკაცის კლასიკური ცეკვის ერთ-ერთმა რეფორმატორმა, „ცეკვის ჯადოქარმა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბალეტო სკოლას. 1929-41 წლებში იგი ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის (მარიას) თეატრში კლასიკური რეპერტუარის ყველა წამყვან პარტიას ასრულებდა. 1941 წლიდან კი თბილისში დაბრუნდა და 1973 წლამდე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა. მანვე დადგა არაერთი ქართული ბალეტი. თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს ცეკვავდნენ შესანიშნავი მსახიობები: ლილი გვარამაძე, ვერა წიგნაძე, ირინა ალექსიძე, მარია ბაუერი, ეთერ ჭაბუკიანი, ირინა ჯანდიერი, ლილიანა მითაიშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, ბაქარ მონავარდისაშვილი, თენგიზ სანაძე, ჯარჯი მაღალაშვილი, ვახტანგ გუნაშვილი და სხვები.

1950-73 წლებში ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც, რომლის კურსდამთავრებულები არიან მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები და ბალეტმაისტერები: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, იგორ ზელენსკი, ნიკოლოზ ცისკარიძე, ელენე გლურჯიძე, დავით მახათელი, დავით და ლაშა ხოზაშვილები, ვასილ ახმეტელი და სხვები.

თბილისის ოპერა ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, რომლებმაც შექმნეს და აგრძელებენ ქართული საოპერო სკოლის ტრადიციებს - ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი ნაკაშიძე, ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ლამარა ჭყონია, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, ცისანა ტატიშვილი, ლიანა კალმახელიძე, პაატა ბურჭულაძე, თემურ გუგუშვილი,  ჯემალ მდივანი, ელდარ გეწაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე, ვალერიანო გამგებელი, ლადო ათანელი, გია გაგნიძე, ნაირა გლუნჩაძე, ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი), ნანა ქავთარაშვილი (მირიანი), თამარ ჯავახიშვილი (თამარ ივერი), ნინო სურგულაძე და სხვები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ გამოჩენილი ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, ვალერიან მიზანდარი, ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე; რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, გურამ მელივა, რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე; მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე, ივანე ასკურავა, ფარნაოზ ლაპიაშვილი, იური გეგეშიძე, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე და სხვები.

1930-იანი წლებიდან ქართული ოპერები და ბალეტები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ისინი დაიდგა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში. თბილისის თეატრის საოპერო და საბალეტო დასს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა  ტრიუმფალური გასტროლები, წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში. თბილისის თეატრის სცენას ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ საქვეყნოდ განთქმული საოპერო შემსრულებლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები.

1970-იანი წლების დასაწყისში თეატრის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გიორგი ალექსიძე. ფეოდორ ლოპუხოვის მოსწავლე. ალექსიძემ თეატრში სულ სხვა ესთეტიკა მოიტანა. კლასიკური რეპერტუარის გარდა თეატრში იდგმებოდა ნეოკლასიკური ბალეტები. 1982-85 წლებში საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა მიხეილ ლავროვსკი, დიდი თეატრის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
თბილისის ოპერის თეატრს უკავშირდება ცნობილი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებიც. აქ იგი 1962 წელს მოვიდა, მას შემდეგ, 1965-68 წლებში მთავარი დირიჟორი და, 1982-2002 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 

2016 წლის 14 ნოემბრიდან, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია მომღერალი ბადრი მაისურაძე. 

1973 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა თითქმის მთელი ინტერიერი, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. 1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღდგა (არქიტექტორები – ლერი მეძმარიაშვილი, მურთაზ ჩაჩანიძე). გაფართოვდა ინტერიერი, სცენა. შენარჩუნდა შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილი. მოეწყო 6 სარეპეტიციო დარბაზი (3 საბალეტო, 2 საოპერო და ერთიც ორკესტრისთვის) თეატრის ფოიეში მდებარე სამ შესანიშნავ - ე.წ. წითელ, ცისფერ/სარკეებიან დარბაზებში იმართებოდა ვოკალური და კამერული კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა სახის შეხვედრები. 

1986-2004 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი  ზურაბ ლომიძე გახლდათ. 2004-2012- წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი იყო რეჟისორი დავით საყვარელიძე. 2004-2009  წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი  ზაზა აზმაიფარაშვილი. 2011-2014 წლებში მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორი იყო ჯანლუკა მარჩანო. 2013-2014 წლებში თეატრის მმართველი – დირიჟორი გიორგი ჟორდანია, ხოლო დირექტორი – გიორგი კილაძე გახლდათ. 2014-16 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი დავით კინწურაშვილი იყო, ხოლო დირექტორი – ალექსანდრე მოწონელიძე. 

2004 წლიდან ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი გახდა. დასის რეპერტუარში ახლა წარმოდგენილია ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ბალეტები, თანამედროვე ქორეოგრაფების ნაწარმოებები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ცნობილი ქორეოგრაფები და ბალეტმაისტერები: მ. ლავროვსკი, ფ. ანდერსენი, ა. გრანტი, ბ. კუკი, დ. ბონერი, მ. ბარბიერი, თ. მაკინტაერი, ა. ფადეეჩევი, ი. პოსოხოვი, ბ. სტივენსონი, ნ. ეუვერინკი, კ. ოსოლა, პ. დელკრუა, ბ. მარტინი;  საბალეტო სპექტაკლებისათვის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიან: ალექსანდრე ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი, დავით მონავარდისაშვილი; თბილისში სპექტაკლებს ხშირად დირიჟორობენ სერგეი სტადლერი, ალექსანდრე სოტნიკოვი, რობერტ კოული.  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან გამოდიან ანხელ კორელა,  ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ირმა ნიორაძე, დევიდ ჰოლბერგი, ელენე გლურჯიძე, მაია მახათელი, ტამარა როხო,  და სხვები.

2010 წელს დაიწყო თეატრის შენობის რემონტი (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). ინტერნაციონალურ პროექტში, ძირითადი სპონსორის, საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ გარდა, მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა ფირმებმა, მათ შორის იყვნენ: გერმანული „გერიეცი“ და „ზალცბრენერი“; ავსტრიული „ვაგნერი“; სერბული „სვეტლიოსტი“. გამაგრდა საძირკველი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალულნი არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები: ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. დაიბეჭდა და სცენას დაუბრუნდა „თეატრის სავიზიტო ბარათი“ სერგო ქობულაძის 1960 წელს შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი ფარდის პრინტი.

1955 წლის შემდეგ მეორედ გამოიცა შალვა კაშმაძის ორტომეულის „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ განახლებული ვერსია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერის ,,აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა.