სერენადა – ცეკვა მთვარის შუქზე
ბალეტი „სერენადა“ გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ნამუშევარი. ამერიკაში ჩასვლიდან სულ მოკლე ხანში, ლინკოლნ კირსტაინთან და ედუარდ მ. მ. უორბურგომთან ერთად, ნიუ იორკში ამერიკის საბალეტო სკოლა გავხსენი. პროგრამაში სასცენო ოსტატობის საღამოს გაკვეთილები ჩავსვი, რადგან მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა, როგორ განსხვავდება სცენაზე გამოსვლა კლასში მუშაობისაგან. „სერენადა“ გახდა იმ გაკვეთილების შედეგი, რომელსაც მე ვაძლევდი...
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს. ეს ასე არა არის. მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ. ერთადერთი სიუჟეტი ამ ბალეტისა – ეს არის სერენადას მუსიკა, თუ გნებავთ – ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად.
იმის მიუხედავად, რომ ჩაიკოვსკის პიესა არ იყო გათვალისწინებული ბალეტისათვის, მისი ოთხივე ნაწილის საცეკვაო ხასიათი სხვადასხვა ემოციისა და სიტუაციის არსებობის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეტს აქვს თავისი სიუჟეტური საფუძველი და მაყურებელი მასში ხედავს და ასხვავებს თავის მუსიკას და თავის ცეკვას. „სერენადამ“ რამდენიმე რედაქციული ცვლილება განიცადა.
(ჯორჯ ბალანჩინის წიგნიდან „ას ერთი მოთხრობა დიდ ბალეტზე“
ფ. მეისონთან თანაავტორობით)
Concerto Barocco
“Concerto Barocco“ შესახებ ბალანჩინი ამბობდა: „თუკი ქორეოგრაფი კლასიკური ცეკვის განვითარებაში მუსიკის განვითარების შესაბამისობას ხედავს და ორივე შესწავლილი აქვს, ის დიადი მუსიკალური ნაწარმოებიდან მუდმივ შთაგონებას მიიღებს“.
ბალეტის პირველ ნაწილში ორი ბალერინა ვიოლინოს განასახიერებს, რვა მოცეკვავე ქალი კი მათ კომპანიას უწევს. მეორე ნაწილში მამაკაცი მოცეკვავე წამყვან ბალერინებს პა დე დე-ში უერთდება. ფინალურ ალეგროში კი ანსამბლის სრული შემადგენლობა ბახის მუსიკის ცვალებად ხასიათს და რითმულ სიცოცხლისუნარიანობას გამოხატავს.
ბალეტს თავდაპირველად ბალანჩინი ამერიკის საბალეტო სკოლაში რეპეტიციებისთვის იყენებდა; ის „ამერიკის საბალეტო ქარავანის“ ანსამბლმა სამხრეთ ამერიკის ისტორიულ ტურნეზე წარმოადგინა, მოგვიანებით კი მონტე კარლოს რუსული ბალეტის რეპერტუარის ნაწილი გახდა. 1951 წელს ბალანჩინმა თავდაპირველი კოსტიუმები შეცვალა და მოცეკვავეები სავარჯიშო სამოსში გამოაწყო, რაც ალბათ თანამედროვე ბალეტებში მის მიერ გამოყენებული კოსტიუმების პირველი მაგალითი იყო. 1948 წლის 11 ოქტომბერს “Concerto Barocco” „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველ პროგრამაში შეტანილი სამი ბალეტიდან ერთ-ერთი იყო.
Symphony in C
„სიმფონია დო მაჟორი“ ბიზემ პარიზის კონსერვატორიაში შარლ გუნოსთან სწავლის დროს, 17 წლის ასაკში შექმნა. ხელნაწერი ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ 1933 წელს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ გამოქვეყნდა. ბალანჩინმა დაკარგული პარტიტურის შესახებ პირველად იგორ სტრავინსკისაგან შეიტყო. ქორეოგრაფს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა პარიზის ოპერის საბალეტო დასთან ბიზეს სიმფონიაზე ერთმოქმედებიანი ბალეტი დაედგა, რომელსაც „ბროლის სასახლე“ უწოდა. ბალეტის პრემიერა 1947 წელს გაიმართა, იმ პერიოდში, როდესაც ბალანჩინი გრანდ ოპერის მიწვეულ ბალეტმაისტერად მუშაობდა. მომდევნო წელს ბალეტი ბალანჩინმა „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველივე პროგრამაში შეიტანა სადაც მან დეკორაციებიც და კოსტიუმებიც გაამარტივა და სახელწოდებაც შეუცვალა. ამ დღიდან ბალეტს “
Symphony in C” ეწოდება.