ნინო ანანიაშვილი



პრიმა ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი

ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნების შესწავლა ათი წლის ასაკში, თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, თამარა ვიხოდცევას  კლასში დაიწყო. 1977 წ. კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ცნობილ პედაგოგთან ნატალია  ზოლოტოვასთან   გააგრძელა.
 
1981-2004 წლებში იგი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა ბალერინა იყო და ამ თეატრის გამოჩენილი ბალერინას რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის ყველა პარტია მოამზადა და იცეკვა. დიდ თეატრში პირველივე სეზონში ნინო ანანიაშვილს წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ოდეტა–ოდილიას პარტიაში („გედების ტბაში“) გერმანიაში, ჰამბურგში, დიდი თეატრის გასტროლის დროს.   სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ოვაციები 30 წუთის განმავლობაში არ წყდებოდა.
 
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც  ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს ფლობს: ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981),  მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1985),  ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986).
 
მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯორჯ ბალანჩინის თეატრში - „ნიუ იორკ სითი ბალეში” ანდრის ლიეპასთან ერთად გამოსვლას 1988 წელს. ის იყო პირველი მოცეკვავე ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ამ თეატრში და მისცეს მთავარი პარტიები  ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“,  „რაიმონდა ვარიაციები“ და „აპოლო“.  იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში. 1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკის ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. ცეკვავდა შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო თეატრებში, როგორც მიწვეული სოლისტი გამოდიოდა რომის ოპერის, ლა სკალასდა გენუის კარლო ფენიცეს თეატრის საბალეტო დასებთან.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, პარალელურად იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც ხელმძღვანელობს. 13 თეატრალური სეზონის განმავლობაში  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, სამოცამდე საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა. თეატრის  რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ბალეტების ახალი რედაქციები, ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ  ეშტონის, ავგუსტ ბურნონვილის, ირჟი კილიანის დადგმები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უელში, იორმა ელო, მედი ვალერსკი და სხვები. საბალეტო დასის გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა  გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007, 2008 და 2010 წლებში), იაპონიაში (2007, 2010, 2012, 2017), ისრაელში, ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ესტონეთში, ტაივანში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ბელარუსში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.
 
ნინო ანანიაშვილი  არაერთი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ჟიურის წევრად და დამდგმელ ქორეოგრაფად არის მიწვეული მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  მან რამდენიმე საბალეტო სპექტაკლი დადგა - ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“, ალექსანდრ გლაზუნოვის „რაიმონდას“ მესამე მოქმედება,  ფერდინანდ ჰეროლდის და პეტერ ლუდვიგ ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, პიოტრ ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“, (ალექსეი ფადეეჩევთან ერთად),  მერი დავითაშვილის „წუნა და წრუწუნა“,   ვახტანგ ჭაბუკიანის ორი ბალეტი - დავით თორაძის „გორდა“ (2016)  და ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“ (2017) ახალი რედაქციით.  2012 წ. ნინო ანანიაშვილი მიწვეული იყო   პეკინის ცეკვის აკადემიაში  პიოტრ ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სუიტასა და „შოპენიანას“,  ლისაბონის საბალეტო სკოლაში ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტის“ სუიტას, 2019 წელს კი მიუნხენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში „ლაურენსიას“ პა დ’აქსიონის დასადგმელად. 2014 წელს მინსკის დიდი თეატრის სცენაზე შედგა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსიას“ პრემიერა, რომლის რედაქცია ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.
 
ნინო ანანიაშვილი საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (1995),ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1993), საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2010). დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი - „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ (2001). ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული  პრიზი „ტრიუმფი” გადაეცა (1992). ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება მიანიჭა (1997), გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის- პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი” (1999). დასახელებულია ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად (2002). ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად (2007). იტალიის პრეზიდენტმა პრიმა-ბალერინა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით (2011). 2017  წელს   ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა იაპონიის იმპერატორის ჯილდოთი - ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით. 2019 წლის 19 აპრილს პრიმა ბალერინა კულტურული   და ბუნებრივი  მემკვიდრეობის   დაცვის   ორგანიზაციების   პან-ევროპული გაერთიანება  „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.