ფრენკ ვან ტონგერენი

ფრენკ ვან ტონგერენი ფრენკ ვან ტონგერენმა პროფესიონალური საბალეტო განათლება თავდაპირველად ამსტერდამში, ნაციონალური ბალეტის აკადემიაში, შემდეგ კი ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში მიიღო.

2008 წელს ფრენკმა მოიპოვა Award Dansers Fonds-ის სტიპენდია ახალგაზრდა პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის. 2010 წელს მიიღო ცეკვის ბაკალავრის დიპლომი და შეუერთდა ნორვეგიის ნაციონალურ ბალეტს, სადაც იცეკვა შემდეგ ბალეტებში: „მაკნატუნა“, „დონ კიხოტი“, Voluntaries (გ. ტედლის ქორეოგრაფია), „ფსალმუნთა სიმფონია“ (ი. კილიანის ქორეოგრაფია). 2012 წლის აგვისტოში, ფრენკი  ჰონგ-კონგის ბალეტში გადავიდა და 2014 წელს დაწინაურდა კორიფეს წოდებით. ჰონგ-კონგის ბალეტში მან რამდენიმე სპექტაკლში იცეკვა: Themes and Variations, „სერენადა“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია), „მაკნატუნა“, „დონ კიხოტი“, Castrati (ნ. დუატოს ქორეოგრაფია), Shape of Glow (ი. ელოს ქორეოგრაფია), In Light and Shadow (ქ. პასტორის ქორეოგრაფია), „გედების ტბა“ და „მხიარული ქვრივი“.

2015 წლის აგვისტოდან ფრენკ ვან ტონგერენი  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მის რეპერტუარშია: ბაზილი („დონ კიხოტი“, ნ. ანანიაშვილის და ა. ფადეეჩევის რედაქცია), პრინცი („მაკნატუნა“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), სოლო პარტიები ბალეტებში: Symphony in C, „სერენადა“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია), Sarabande, Petite Mort (ი. კილიანის ქორეოგრაფია).

ფრენკ ვან ტონგერენი  რამდენიმე საერთშორისო საბალეტო კონკურსის მონაწილე და Jury Encouragement Award (2013) და კორეის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის კორეის ბალეტის ფონდის ჯილდოს (2015) მფლობელია.