ლილიანა მითაიშვილი

ლილიანა მითაიშვილი საქართველოს სახალხო არტისტი
 
დაიბადა 1937 წლის 17 სექტემბერს თბილისში. 1954 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები თ. ვიხოდცევა, მ. გრიშკევიჩი, ვ. ჭაბუკიანი).

1954-1979 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.

რეპერტუარი:
ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), ჟიზელი („ჟიზელი“), კიტრი („დონ კიხოტი“), ნიკეა („ბაიადერა“), მანიჟე („მთების გული“), ჯავარა („გორდა“), მარი („მაკნატუნა“), ლიზა („ამაო სიფრთხილე“), მზეთუნახავი („სინათლე“),ავრორა („მძინარე მზეთუნახავი“), ლაურენსია („ლაურენსია“), დეზდემონა, ემილია („ოტელო“), გალია, ნატაშა („მშვიდობისათვის“), ქალიშვილი („პოემა“).

1956 წელს კლასიკური ბალეტის საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი მოიპოვა.

1979 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.

1983-84 წლებში მუშაობდა ულან-ბატორის (მონღოლეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორად.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1972 წელს კი – სახალხო არტისტის წოდება.

1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.