თბილისის სახელმწიფო ოპერა
165-ე სეზონი
7 ივლისი, 2017 წელი
ლადო ათანელის
ვარსკვლავის გახსნა
პროგრამა:
ჯუზეპე ვერდი. სცენა ოპერიდან „ბედის ძალა“
ჯაკომო პუჩინი. მეორე მოქმედება ოპერიდან „ტოსკა“
მონაწილეობენ:
იანო ალიბეგაშვილი
ბადრი მაისურაძე
არმაზ დარაშვილი
გიორგი ჭელიძე
იური ასლანიშვილი
თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი და ორკესტრი
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
საღამოში გამოყენებულია:
საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შალვა ჩიქოვანის ესკიზები
გია გოგატიშვილის ფოტოები
„პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, მრგვალი და უაღრესად საამოდ მოსასმენი ხმა“ - ასე შეაფასა 2002 წელს ლადო ათანელის გამოსვლა „ლოს ანჯელეს თაიმმა“, ხაზი გაუსვა რა მომღერლის მაღალ მოთხოვნადობას ვერდის, პუჩინის და ვერიზმის რეპერტუარის დრამატულ როლებში.
ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1989 წელს, ვერდის „ბალ-მასკარადში“, რენატოს პარტიით შედგა. მომდევნო წლებში მან ფრანსისკო ვინიასის, ი. ჩესტელის და ბელვედერეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიები და გრან-პრი მოიპოვა.
ლადო ათანელის საერთაშორისო კარიერა 1996 წელს იწყება. ამ დროიდან მომღერალი დიდი წარმატებით გამოდის ბერლინის, ჰამბურგის, მიუნხენის, ციურიხის, მილანის, ჟენევის, პარიზის, ლონდონის, მადრიდის, ბარსელონის, ლოს ანჯელესის, ტოკიოს, ნიუ-იორკის უდიდეს საოპერო სცენებზე.
ბარიტონის რეპერტუარში ორმოცამდე საოპერო პარტიაა, მათ შორის: სკარპიას, ჟერარის, ტონიოს, ალფიოს, ჟორჟ ჟერმონის, იაგოს, დონ კარლო ვარგასის, რენატოს, სიმონ ბოკანეგრას, ამონასროს, მაკბეთის, ნაბუკოს, რიგოლეტოს, ბარნაბას, როდრიგოს, გრაფ დი ლუნას და სხვებს.
2003 წელს EMI-კლასიკმა დისკზე ჩაწერა პონკიელის ოპერა „ჯოკონდა“, სადაც ათანელმა ბარნაბას ურთულესი პარტია შეასრულა ჩვენი დროის უდიდეს ტენორთან პლასიდო დომინგოსთან ერთად. 2005 წელს გამოიცა ლ. ათანელის პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით, 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი - „ბარიტონის არიები“.
გამოცემულია DVD - ვერდის „ოტელო“, მასნეს „ტაისი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“.
2009 წელს ლადო ათანელმა დაარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ვოკალისტებს და გზა გაუკაფოს მათ საერთაშორისო სარბიელზე. 2010 წლიდან ყოველწლიორად ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი.
2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ აღიარებულია „სიკეთის რაინდად“.