23 აპრილს ოპერაში მოცარტის და ჭაბაშვილის რეკვიემები შესრულდება

In Memoriam - ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 23 აპრილს ოპერის თეატრში რომლის გზავნილია „არა ტერორიზმს!“

საღამოზე ორი რეკვიემი შესრულდება, რომელთაც დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

ამ ჟანრის უპირობოდ კლასიკურ ნაწარმოებს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემს, ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად სოლისტები: სალომე ჯიქია, ირინა ალექსიძე, ირაკლი მურჯიკნელი და ლეგი იმედაშვილი შეასრულებენ.

თბილისში ნაწარმოების მომზადებას ხელმძღვანელობს გამოჩენილი მუსიკოსი ქრისტოფ მაიერი. ის მსმენელს სრულიად „განსხვავებულ“ რეკვიემს წარუდგენს, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდება კომპოზიტორის სტილისა და ეპოქისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერას. ავთენტურ ჟღერადობასთან „დაბრუნების“ ეს ტენდენცია დღევანდელ ევროპაში ძალზე აქტუალურია და მას სულ უფრო და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს. 

სასიხარულო ფაქტია, რომ ამ საღამოზე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ეკა ჭაბაშვილის რეკვიემის მსოფლიო პრემიერაც შედგება. 90-იანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ ნაწარმოებს ომისა და ტერორიზმის უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას უძღვნის. 

ეკა ჭაბაშვილის რეკვიემის შესრულებაში მონაწილეობენ ირინა შერაზადიშვილი, თამთა კორძაია, თინათინ მამულაშვილი, თეიმურაზ აზალაძე, ირაკლი მუჯირი.


ამ უნიკალურ საღამოზე დასწრება მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით, 23 აპრილს შეეძლება. ბილეთები იყიდება როგორც ოპერის სალაროებში, ისე tkt.ge -ზე.