„აბესალომ და ეთერის“ კლავირის ახალი გამოცემის პრეზენტაცია ოპერაში


31 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის - „აბესალომ და ეთერი“ - კლავირის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

კლავირი გამოსცა საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ზაქარია ფალიაშვილის 145 წლისთავთან დაკავშირებით.

„აბესალომ და ეთერის“ რიგით მეოთხე გამოცემა, წინა გამოცემებისგან განსხვავებით, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება: გამოცემის წინასიტყვაობა ინგლისურ და გერმანულენოვანია, წიგნში შესულია ინგლისურ ენაზე თარგმნილი ლიბრეტო,  სანოტო ტექსტი შეიცავს ქართული ვარიანტის ლათინურ ტრანსკრიფციასაც, რითაც „აბესალომ და ეთერის“ კლავირი ხელსმისაწვდომი ხდება უცხოელებისთვისაც.

კლავირის ახალ გამოცემაზე მუშაობდნენ: რედაქტორები - ზაზა აზმაიფარაშვილი და რევაზ ტაკიძე, კლავირის ელექტრონული ვერსიის ავტორი - ლევან გოცირიძე, წინასიტყვაობა - მანანა ახმეტელი, მთარგმნელი - თამარ ჯაფარიძე, დიზაინერი - ბესიკ დანელია, კოორდინატორი - ლიკა კოპალეიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან ნოზაძე.
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრმა, ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ ამავე პროექტის ფარგლებში, ოპერა „დაისის“ პარტიტურის ელექტრონული ვერსიაც შექმნა. ელექტრონულ გამოცემაზე მუშაობდნენ: რედაქტორი -  რევაზ ტაკიძე, პარტიტურის ელექტრონული ვერსიის ავტორი - ლევან გოცირიძე, მთარგმნელი - თამარ ჯაფარიძე, პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან ნოზაძე.