„აიდა“ - ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისში


4, 5, 7, 12, 15 და 18 მარტს, საიუბილეო 165-ე სეზონზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერა ექსკლუზიურად წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის „აიდას“ განსაკუთრებულ ვერსიას. მაყურებელი პირველად იხილავს თეატრისა და კინოს კლასიკოსის, ფრანკო ძეფირელის დადგმას თბილისში.

ლეგენდარულმა რეჟისორმა  „აიდას“ ეს ვერსია 2001 წელს, ვერდის მშობლიურ ბუსეტოში, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა და პრემიერაც ვერდის ფესტივალზე გაიმართა.
  
4 მარტს ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორი, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებული მაესტრო, დანიელ ორენი იდირიჟორებს. მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული ქართველი სოლისტები: ანიტა რაჭველიშვილი, იანო ალიბეგაშვილი, გია ონიანი, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ანდღულაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.
 
5 მარტს მაყურებლის წინაშე შერეული შემადგენლობა წარდგება - ოპერის თეატრის სოლისტებს, ორკესტრსა და გუნდს შეუერთდება უცხოეთიდან მოწვეული ორი სოლისტი. ამნერისის  პარტიას ჰანოვერის შტატსოპერის სოლისტი, ქართველი მეცოსოპრანო - ხათუნა მიქაბერიძე, რადამესი როლს კი კორეელი ტენორი - ჯეიმს ლი შეასრულებს.  სპექტაკლს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
 
7 მარტის სპექტაკლში მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან მოწვეული სოლისტები იმღერებენ: აიდა - ჩელია კოსტეა -რუმინელი სოპრანო, ამნერისი - სანია ანასტასია - სერბი მეცოსოპრანო, რადამესი - რუდი პარკი - კორეელი ტენორი, რამფისი - ჯაკომო პრესტია - იტალიელი ბანი, ამონასრო - ჯულიო ბოსკეტი -იტალიელი ბარიტონი, მეფე - მატია დენტი - იტალიელი ბანი, მლოცველი ქალი - გონჯა დოგანი - თურქი სოპრანო, მაცნე - ფილიპო მიკალე - იტალიელი ტენორი. 7 მარტის სპექტაკლს, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი მარკო ბოემი უდირიჟორებს.
 
სპექტაკლს თბილისშიც ფრანკო ძეფირელის მუდმივი ასისტენტი სტეფანო ტრესპიდი დადგამს.
 
დეტალურ ინფორმაციას ყველა სპექტაკლის შემადგენლობების შესახებ მაყურებელი ოპერის ვებ საიტის და Facebook გვერდის მეშვეობით შეიტყობს.