„აიდას“ ფრანკო ძეფირელისეული ვერსია საქართველოს სახელმწიფო ოპერაში ანშლაგით მიმდინარეობს


4, 5, 7, მარტს, საიუბილეო 165-ე სეზონზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერაში ანშლაგით შედგა ჯუზეპე ვერდის „აიდას“ განსაკუთრებული ვერსიის პირველი სამი სპექტაკლი. მაყურებელმა პირველად იხილა თეატრისა და კინოს კლასიკოსის, ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისში.

​პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართველმა მაყურებელმა „აიდა“ თბილისში, პირველად, ზუსტად 140 წლის წინ, 1877 წელს იხილა.
 
4 მარტს ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისურ პრემიერას  თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრომ, დანიელ ორენმა უდირიჟორა. მთავარი პარტიები შეასრულეს მოწვეულმა ქართველმა სოლისტებმა: იანო ალიბეგაშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, გია ონიანმა, გიორგი გაგნიძემ, რამაზ ჩიკვილაძემ, გიორგი ანდღულაძემ.  სპექტაკლში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი, ბალეტი და ორკესტრი. სპექტაკლი თბილისშიც ფრანკო ძეფირელის ასისტენტმა სტეფანო ტრესპიდიმ დადგა, რომელიც. ასევე ასევე განათების მხატვარიც იყო.
 
5 მარტს მაყურებლის წინაშე შერეული შემადგენლობა წარდგა. მთავარი პარტიები შეასრულეს: ხათუნა ჭოხონელიძემ, ნიკოლოზ ლაგვილავამ, რამაზ ჩიკვილაძემ, გია ასათიანმა, თინათინ მამულაშვილმა, თამაზ საგინაძემ.  ოპერის თეატრის სოლისტებს შეუერთდა ორი მოწვეული სოლისტი. ამნერისის პარტია ჰანოვერის შტატსოპერის სოლისტმა, ქართველმა მეცოსოპრანომ - ხათუნა მიქაბერიძემ, რადამესის როლი კი კორეელმა ტენორმა - ჯეიმს ლიმ შეასრულა. სპექტაკლს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილმა უდირიჟორა, მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი, ბალეტი და ორკესტრი.
 
7 მარტს მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან მოწვეულმა სოლისტებმა იმღერეს: აიდა - ჩელია კოსტეა, რუმინელი სოპრანო;  ამნერისი - სანია ანასტასია , სერბი მეცოსოპრანო; რადამესი - რუდი პარკი, კორეელი ტენორი; რამფისი - ჯაკომო პრესტია, იტალიელი ბანი; ამონასრო - ჯულიო ბოსკეტი, იტალიელი ბარიტონი; მეფე - მატია დენტი , იტალიელი ბანი, მლოცველი ქალი - გონჯა დოგანი , თურქი სოპრანო; მაცნე - ფილიპო მიკალე, იტალიელი ტენორი. სპექტაკლს პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მარკო ბოემიმ უდირიჟორა.