„აიდას“ მესამე, საპრემიერო სპექტაკლი


7 მარტს „აიდას“ მესამე საპრემიერო სპექტაკლი მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვანი თეატრიდან მოწვეულმა იტალიელმა, რუმინელმა, სერბმა, კორეელმა და თურქმა სოლისტებმა შეასრულეს.

ჩელია კოსტეა - აიდა
რუმინელი სოპრანო ჩელია კოსტეა კარიერის დასაწყისშივე გახდა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანო საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მას შემდეგ ის მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ საოპერო თეატრებში გამოდის, როგორებიცაა: ლონდონის Covent Garden, ბარსელონას Liceu, ვენის Staatsoper, ბერლინის ოპერა, ამსტერდამის Concertgebouw, კატანიას Teatro Massimo Bellini, ასევე, ათენის ფრანკფურტის, ოსლოს, მარსელის, ლიეჟის, ჰანოვერის, პეკინის ოპერის თეატრები.
ჩელია კოსტეას რეპერტუარი მოიცავს მთავარ როლებს ვერდის ოპერებში: „სიმონ ბოკანეგრა“, „აიდა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ოტელო“, „სიცილიური მწუხრნი“; პუჩინის ოპერებში: „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ტურანდოტი“. სხვადასხვა დროს, მისი უმნიშვნელოვანესი გამოსვლები ასევე დაკავშირებულია სანტუცას („სოფლის ღირსება“), მარგერიტის („ფაუსტი“), მიკაელას („კარმენი“), დონა ელვირას („დონ ჯოვანი“), გრაფინიას (ფიგაროს ქორწინება) პარტიებთან.

რუდი პარკი -  რადამესი (07.03)
ტენორმა რუდი პარკმა თავდაპირველი ვოკალური განათლება სამშობლოში, სამხრეთ კორეაში მიიღო. 2002 წელს სწავლა იტალიაში, სანტა ჩეჩილიას აკადემიაში, შემდგომ კი გერმანიაში გააგრძელა. იტალიაში მისი დებიუტი კალაფის პარტიით შედგა („ტურანდოტი“, 2008). 
რუდი პარკი მრავალი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. ის გამოდის იტალიის წამყვან საოპერო თეატრებში, აშშ-ში, ბოლივიაში, საფრანგეთში, კანადაში, უნგრეთში, იაპონიაში და სხვა.
მომღერალმა სახელი გაითქვა, როგორც ვერდისა და პუჩინის ოპერებში ტენორის წამყვანი პარტიების შემსრულებელმა, მათ შორისაა: მარიო კავარადოსი („ტოსკა“), ერნანი („ერნანი“), ტურიდუ („სოფლის ღირსება“), მანრიკო („ტრუბადური“), არიგო („სიცილიური მწუხრნი“) რადამესი („აიდა“), ოტელო („ოტელო“).

ჯეიმს ლი - რადამესი (05.03)
სამხრეთ კორეელი ტენორი ჯეიმს აკადემიურ სიმღერას ჯერ სამშობლოში, მოგვიანებით კი დიუსელდორფში (გერმანია), რობერტ შუმანის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. იქვე, საოპერო კლასში რამდენიმე როლი შეისწავლა და შეასრულა.
2011-13 წლებში არაერთი ვოკალური კონკურსის ფინალისტი და პრიზიორი გახდა, მათ შორის, პირველი პრიზი მოიპოვა ვალენტინ ტეოდორიანის სახელობის საერთაშორისო კონკურსში  „სასიმღერო ხელოვნების ოსტატები“ (ბუქარესტი, რუმინეთი) და, ასევე პირველი ადგილი და სპეციალური პრიზი „იტალიური ოპერის საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე“ გრაცში (ავსტრია). ამ გამარჯვების შემდეგ, ამავე ქალაქის ოპერის თეატრში შედგა მისი დებიუტი კალაფის („ტურანდოტი“) პარტიით. მალევემ იმღერა არიგო („სიცილიური მწუხრნი“) ფრაიბურგის ოპერაში, რადამესი („აიდა“) სანქტ მარგარეთენის საოპერო ფესტივალზე, მოგვიანებით - კაიროს ოპერის თეატრში. მომდევნო სეზონებზე, ლიმ ფრაიბურგის თეატრში დონ ჟოზეს („კარმენი“) და მანრიკოს („ტრუბადური“), ზაარბრიუკენის თეატრში კი რიკარდოს („ბალ-მასკარადი“) პარტიები შეასრულა. უახლოეს მომავალში ჯეიმს ლი კვლავ იმღერებს კალაფს ლოძის დიდ თეატრში (პოლონეთი) და რადამესს - „შვერინის სასახლის საოპერო ფესტივალზე“ (გერმანია).

სანია ანასტასია - ამნერისი
სერბმა მეცოსოპრანომ პროფესიული განათლება მიიღო ავსტრიაში, გრაცის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. მოპოვებული აქვს პრიზები საერთაშორისო კონკურსებში, როგორებიცაა: JEUNESSE MUSICALES, ENRICO CARUSO, VINCENZO BELLINI.
შესრულებული აქვს ათობით როლი მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე და ფესტივალებზე. მათ შორისაა: ულრიკა ( ვერდის „ბალ-მასკარადი“), მესკალინა (ლიგეტის „დიადი მკვდარი“), კლიტემნესტრა (შტრაუსის „ელექტრა“), მთავრის მეუღლე (ჰენცეს „პრინცი ჰომბურგი“), ოლგა და ლარინა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), პრინცესა (ჩილეას „ადრიანა ლეკუვრერი“), ფენენა (ვერდის „ნაბუკო“), ამნერისი (ვერდის „აიდა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“), იუდითი (ბარტოკის „ჰერცოგ ლურჯწვერას ციხე-დარბაზი“) და სხვა.

ჯულიო ბოსკეტი - ამონასრო
ჯულიო ბოსკეტი ვოკალურ ხელოვნებას გამოჩენილ ოსტატებთან ეუფლებოდა, მათ შორის - რენატო ბრუზონთან და ლეო ნუჩისთან. მისი რეპერტუარი მოიცავს მრავალრიცხოვან წამყვან პარტიას პერგოლეზის, მოცარტის, დონიცეტის, ვერდის, მასკანის, პუჩინის და სხვათა ოპერებიდან. ხშირად გამოდის ევროპის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მომღერალი  თანამედროვე მუსიკის სფეროშიც აქტიურია და მონაწილეობს სხვადასხვა პრემიერის შესრულებაში. ბოსკეტი დიდ ყურადღებას უთმობს სასულიერო მუსიკას და თანამშრომლობს ასიზის  „წმინდა ფრანცისკის ბაზილიკის მუსიკალურ კაპელასთან“. 

ჯაკომო პრესტია - რამფისი
ფლორენციელი ბანი ჯაკომო პრესტია საერთაშორისო კონკურსების „ვერდის ხმები“ (ბუსეტო) და „ლუჩანო პავაროტის კონკურსი“ (ფილადელფია) ლაურეატია; მომღერლის დებიუტი 1990 წელს შედგა ვერდის ოპერაში „ალზირა“, რის შემდეგაც იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა. პრესტია მღერის მსოფლიოს ყველა წამყვან საოპერო სცენაზე, მათ შორის:  მილანის ლა სკალაში, Maggio Musicale Fiorentino-ზე, პარიზის ნაციონალურ ოპერაში, ვენის, ციურიხის, მადრიდის, ბარსელონას, ბერლინის, ბუენოს აირესის, ბოლონიის, ნეაპოლის, პარმის საოპერო თეატრებში.
კარიერის მანძილზე უთანამშრომლია კლაუდიო აბადოსთან, ზუბინ მეთასთან, რიკარდო მუტისთან, ჟორჟ პრეტრთან, დანიელე გატისთან, დანიელ ორენთან, დანიელ ბარენბოიმთან, მიკელე მარიოტისთან. 

მატია დენტი - ეგვიპტის მეფე
მატია დენტი ვოკალურ ტექნიკას პიაჩენცაში ეუფლებოდა, შემდგომ კი, 2001-2002 წლებში, გენუაში, საოპერო სიმღერის კურსი Spazio Musica გაიარა, რის შედეგადაც, იმავე წელს ვერდის ოპერებში „ფალსტაფი“ (პისტოლი) და „რიგოლეტო“ (სპარაფუჩილე) გამოჩნდა. კურსის განმავლობაში მუშაობდა კომანდორის („დონ ჯოვანი“), ტომის („ბალ-მასკარადი“), სიმონეს („ჯანი სკიკი“) პარტიებზე. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ამავე კურსის ფარგლებში, მატია დენტიმ იმღერა ბერის პარტია („მადამ ბატერფლაი“). ტურინის მახლობლად, ანტიკურ რომანულ ამფითეატრში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე სპარაფუჩილეს („რიგოლეტო“) და დიდი ქურუმის („ნაბუკო“) პარტიები შეასრულა.
გარდა საოპერო როლებისა, მატია დენტი იტალიის მასშტაბით გამართულ კონცერტებზე სასულიერო და კამერული რეპერტუარით გამოდის.

გონჯა დოგანი – ქურუმი ქალის ხმა
თურქმა სოპრანომ გონჯა დოგანმა ვოკალური განათლება ანკარის კონსერვატორიაში და კატანიას ვინჩენცო ბელინის კონსერვატორიაში მიიღო. გარდა ამისა, მსოფლიო ოპერის ისეთ ვარსკვლავებთან ოსტატდებოდა, როგორებიც არიან: ედიტა გრუბეროვა, თომას ჰემპსონი, გენა დიმიტროვა, ლეილა გენჯერი, ლუჩანო პავაროტი, დიტრიხ ფიშერ-დისკაუ, მირელა ფრენი და სხვები. მომღერალი იტალიაში გამართული მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც საოპერო როლებს, ისე სოპრანოს პარტიებს სიმფონიურ და სასულიერო ჟანრის ნაწარმოებებში. გონჯა დოგანი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა მნიშვნელოვან ფესტივალსა თუ გალა-კონცერტში, ევროპისა და აზიის სხვადასხვა საოპერო თეატრში მრავალ გამორჩეულ დირიჟორსა თუ ორკესტრთან ერთად გამოდის, თანამშრომლობს უმნიშვნელოვანეს იტალიურ და საზღვარგარეთულ მუსიკალურ ასოციაციებთან და კარიერის განმავლობაში მიღწეული წარმატების აღსანიშნავ მრავალ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.
 
ფილიპო მიკალე - მაცნე
კატანიაში დაბადებული ფილიპო მიკალე ბელკანტოს სალვატორე ფიზიკელასთან და ადრიანა ლაზარინისთან სწავლობდა. ამავე პერიოდში, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებული გახდა. მომღერლის დებიუტი მარიო კავარადოსის პარტიით შედგა პუჩინის ოპერაში „ტოსკა“, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი როლები „მაკბეთში“, „ტრუბადურში“, „ლომბარდიელებში“, „ბალ-მასკარადში“, „სოფლის პატიოსნებაში“, „ოტელოში“, „მადამ ბატერფლაიში“, „ტურანდოტში“, „შაკუნტალაში“ და ა.შ., რომლებსაც მომღერალი ასრულებდა სირაკუზას Teatro greco-ში, ტაორმინას Teatro antico-ში, ვერონას Teatro Filarmonico-ში, კატანიას Teatro Massimo Bellini-ში და სხვა. აქტიურ საოპერო კარიერას ის ინტენსიურ საკონცერტო გამოსვლებსაც უთავსებს წამყვან აკადემიებში, უნივერსიტეტებში, საერთაშორისო საოპერო ფესტივალებზე.
ფილიპო მიკალე საერთაშორისო აღიარების მქონე დირიჟორებთან და პიანისტებთან თანამშრომლობს და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია კარიერაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის. 

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.