ახალი ინიციატივები: „სტუდენტური ბილეთი“ და „ჩემი ბილეთი ოპერაში“

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დღეს ორი ახალი ინიციატივის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ახალ პროექტთან „ჩემი ბილეთი ოპერაში“ და „სტუდენტურ ბილეთებთან“ დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ისაუბრეს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, ოპერაში ამოქმედდა ახალი პროქტი „ჩემი ბილეთი ოპერაში“, რაც გულისხმობს, რომ სეზონზე ერთი ან ორი საოპერო და საბალეტო სპექტაკლის ბილეთები სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება. პირველი ასეთი სპექტაკლი „ატილა“ იქნება.

პროექტის - „ ჩემი ბილეთი ოპერაში“ - ფარგლებში,17 მარტს, „ატილას“ მესამე საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება და მხოლოდ 25 ლარს მიაღწევს.

ასევე, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 
ახალი ინიციატივის წარდგენას ესწრებოდნენ: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ამაშუკელი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაჭავარიანი, ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თვითმმართველობების წევრები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ სტუდენტური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი და ასევე, საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს ისარგებლოს სპეციალური შემოთავაზებით „ჩემი ბილეთი ოპერაში“.

პრესკონფერენციის ამსახველი ფოტომასალის სანახავად მიჰყევით ბმულს.