ათი წლის შემდეგ „ჯამბაზები“ ოპერის სცენას დაუბრუნდა

12 აპრილს ოპერის განახლებულ სცენაზე დიდი წარმატებით შედგა აღდგენილი „ჯამბაზების“ პრემიერა. 

სპექტაკლის აღდგენის ინიციატივა დავით კინწურაშვილს ეკუთვნის. 

„ჯამბაზების“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი.

სპეციალურად ამ პრემიერისათვის ოპერის თეატრმა საქვეყნოდ აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მოიწვია. 14-წლიანი განშორების შემდეგ, 12 აპრილს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ქართველმა ბარიტონმა პირველად იმღერა ტონიოს პარტია, რომლითაც მან მსოფლიოს წამყვანი თეატრები შემოიარა. საქართველოს სახელმწიფო ოპერამ, გიორგი გაგნიძის ინიციატივით, ეს სპექტაკლი მისივე პედაგოგის, ცნობილი მომღერლის, თამაზ ლაფერაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

გიორგი გაგნიძესთან ერთად „ჯამბაზებში“ მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები ანზორ ხიდაშელი, ირინა თაბორიძე, ზაალ ხელაია, ირაკლი მურჯიკნელი, ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

სიმბოლურია, რომ 165 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 12 აპრილს, თბილისში გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, რომელიც უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად იქცა და ასეთადვე რჩება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.