ცისანა ტატიშვილს საზოგადოება თბილისის ოპერის თეატრში გამოემშვიდობება


26 სექტემბერს, ლეგენდარულ სოპრანოს ცისანა ტატიშვილს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. საზოგადოება მას თბილისის ოპერის თეატრში გამოემშვიდობება.

მომღერალი 38 წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო, ამასთანავე, დიდი წარმატებით გამოდიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, სადაც მთავარ პარტიებს ასრულებდა ქართულ, იტალიურ, გერმანულ, რუსულ ოპერებში.

ცისანა ტატიშვილი უნიკალური ქართველი მომღერალია, რომლის მიერ ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში შექმნილი პრეცედენტი - რიჰარდ შტრაუსის „სალომეს“ შესრულება, ჯერჯერობით არავის გაუმეორებია.

ქართველი სოპრანო საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია. გარდა ამისა, ის ალბერტ შვაიცერის საპატიო ორდენის და ოქროს მედლის კავალერი იყო.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 სთ.
გამოსვენება ოპერიდან 14:00 სთ.