ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი

 
6, 7 და 8 მაისს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრმა, 40 ქვეყნის წამყვანი საოპერო თეატრების მსგავსად, ოპერის ევროპული დღეები აღნიშნა.

8 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი გაიმართა.

კონცერტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა.

„საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნა არის საერთო ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს. წელს ასევე ვემზადებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის თარიღისთვის და გვაქვს საშუალება გადავხედოთ ჩვენი თანამშრომლობის 25 წელიწადს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას. მანვე საქართველოს სახელმწიფო ოპერას Opera Europa-ს წევრობა მიულოცა.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, კახაბერ თეთვაძე, ირინე რატიანი, ოთარ ჯორჯიკია, თეა დემურიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა. დირიჟორი - დავით კინწურაშვილი. საღამოზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა, შესრულდა ფრაგმენტები ფალიაშვილის, ლაღიძის, მოცარტის, ვერდის, გუნოს, ვაგნერის, პუჩინის, ჩილეას და ჯორდანოს ოპერებიდან.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის სახელით, გაიმართა საზეიმო მიღება.

ოპერის თეატრში გამართულ კონცერტს და საზეიმო მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.

გალა-კონცერტი გაიმართა საქართველოში ოპერის ევროპული დღეების ფარგლებში. ორგანიზატორი - თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე.