ევროპული ოპერის დღეები საქართველოში
6, 7 და 8 მაისს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი, ევროპის 40 ქვეყნის წამყვანი საოპერო თეატრის მსგავსად, ოპერის ევროპულ დღეებს აღნიშნავს.
ოპერის ევროპული დღეები წელს მეათედ გაიმართება სლოგანით - „მსოფლიოს თეატრი“.
ამ დღეების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, 6 და 7 მაისს გაიმართება ექსპოზიცია „საქართველო - ოპერა - ევროპა“, კოსტიუმირებული პერფორმანსი ოპერის თეატრის წინ, ასევე ოპერის ბავშვთა გუნდის აქცია-კონცერტი „ოპერა ყველასთვის“.
8 მაისს, დღისით, ბავშვთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ რიყეზე ორგანიზებულ კონცერტში.
ხოლო საღამოს, 20.00 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად, ოპერაში გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი, რომელიც ასევე გადაიცემა თეატრის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე.
პროექტის ხელმძღვანელია რუსუდან მაცაბერიძე (საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი).