იგორ იებრა „გორდას“ პრემიერაზე იცეკვებს



12 და 13 თებერვალს დ. თორაძის ბალეტ „გორდას“ პრემიერაზე, გორდას მთავარ პარტიას იცეკვებს ბორდოს და რომის ოპერის თეატრების სოლისტი იგორ იებრა.

იგორ იებრამ საბალეტო განათლების მიღება მადრიდში,  ვიქტორ უიატეს ცეკვის სკოლაში  შედარებით გვიან,  13 წლის ასაკში, დაიწყო. პროფესიონალური საცეკვავო კარიერა კი უიატეს დასში და მადრიდის ბალეტში (Ballet de la Comunidad de Madrid)  ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. მოგვიანებით მან  წარმატებით დაამთავრა ცეკვის სამეფო პროფესიული კონსერვატორია (Real Conservatorio Profesional de Danza).

იგორ იებრა 6 წლის განმავლობაში  უიატეს დასის სპექტაკლებში გამოდიოდა  და ამ დასის  სოლისტი გახდა, სადაც ცეკვავდა თანამედროვე და ნეო-კლასიკური ბალეტებში. მის რეპერტუარში შედის სოლო პარტიები ვან მანენის, რუდი ვან დანციგის, იან ლინკენსის, ნილს კრისტის,  ბალანჩინის, მიშა ვან ჰუკის და უიატეს ბალეტებში.

1996 წლის ბოლოს იებრამ  თავისუფალი  მოცეკვავის კარიერა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად იღებდა შეთავაზებებს ისეთი აღიარებული დასებისგან როგორიცაა ნიუ-იორკ სითი ბალე (New York City Ballet), შოტლანდიური ბალეტი (Scottish Ballet) და ამერიკის ბალეტის თეატრი (American Ballet Theatre), გადაწყვიტა ავსტრალიის ბალეტის შეთავაზებას დათანხმებოდა  მოწვეული მოცეკვავის რანგში.

მას შემდეგ, რაც მან  უიატეს დასი დატოვა, შეძლო გაეფართოვებინა საკუთარი  რეპერტუარი, რომელიც მოიცავს წამყვან პარტიებს „ჟიზელის“, „დონ კიხოტის“, „რომეო და ჯულიეტას“, „გედების ტბის“, „კოპელიას“ , „შოპენიანას“, „მაკნატუნას“, „მძინარე მზეთუნახავის“,  „კორსარის“,  „ბაიადერას“ სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ვერსიაში. მოცეკვავის თანამედროვე რეპერტუარში შედის სოლო პარტიები ნეოკლასიკურ    ბალეტებში, მათ შორისაა ჯორჯ ბალანჩინის „თემა და ვარიაციები“, „Concerto Barocco”  და ჩაიკოვსკის პა დე დე.

იებრა  ცეკვავდა, როგორც მიწვეული მოცეკვავე  ნიცას ბალეტში (Ballet à l'opera de Nice), კუბის ეროვნულ ბალეტში (Ballet Nacional de Cuba), ვენესუელას ეროვნულ ბალეტში (Ballet Nacional de Venezuela), კრემლის ბალეტის თეატრში, დიდ თეატრში, მარიას თეატრში, შოტლანდიურ ბალეტში, რომის ოპერაში, ავსტრალიის ბალეტში, ლიტვის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრში, ვერონა  არენაზე (Arena di Verona Ballet).   

2001 წლიდან არის  ბორდოს ოპერისა (Ballet de l'Opéra National de Bordeaux) და რომის ოპერის (Rome Opera Theatre Ballet ) მუდმივი მოწვეული მოცეკვავე და სოლისტი.

2004 წლის იანვარში აღინიშნა მისი დებიუტი კრემლის თეატრში, სადაც მან შეასრულა მთავარი როლი სერგეი პროკოფიევის ბალეტში „ივანე მრისხანე“.

2006 წელს მშობლიურ ქალაქ ბილბაოში გახსნა ცეკვის სკოლა.