ჯანსუღ კახიძის საიუბილეო თარიღი

26 მაისს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 81 წელი შესრულდა.

მაესტრო კახიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ძალზე ნაყოფიერი ეტაპი საქართველოს სახელმწიფო ოპერას უკავშირდება. 1962-71 წლებში იგი თეატრის რიგითი, 1965-68 წლებში - მთავარი დირიჟორი იყო, 1982-2002 წლებში კი სათავეში ედგა თეატრს. მისი ხელმძღვანელობით დიდი წარმატებით განხორციელდა საოპერო სპექტაკლები: შტრაუსის „სალომე“, მოცარტის „დონ ჯოვანი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „რიგოლეტო“, მასკანის „სოფლის ღირსება“, პუჩინის „ჯანი სკიკი“, დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, პროკოფიევის „ცეცხლოვანი ანგელოზი“, „სამი ფორთოხლის სიყვარული“, „დუენია“, ფალიაშვილის „აბესალომი და ეთერი“, ყანჩელის „და არს მუსიკა“, კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“, „კოლხთა ასული“... მისი ხელმძღვანელობითვე პირველად შესრულდა ბიზეს „კარმენი“ ორიგინალურ, ფრანგულ ენაზე, და სხვ. მისივე ხელმძღვანელობით, თეატრმა გასტროლებით მოიარა რუსეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, მალტა.

მაესტრო ჯანსუღ კახიძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფო ოპერის შემოქმედებითი ცხოვრების საუკეთესო ფურცლები. მისი სახელი განსაკუთრებულ და საპატიო ადგილს იკავებს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ისტორიაში.