ლალი კანდელაკმა ლაურენსია ბოლოჯერ შეასრულა


29 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, ლაურენსიას პარტია ბოლოჯერ შეასრულა საბალეტო დასის წამყვანმა სოლისტმა ლალი კანდელაკმა კრეინის ბალეტში „ლაურენსია“.

ასეთი გადაწყვეტილება ბალერინამ თავად მიიღო და სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე,  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა. თუმცა,  ვინც სპექტაკლს დაესწრო, ერთხმად აღნიშნავდა, რომ ლალი საუკეთესო ფორმაშია და იმ დღეს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა ნიჭმა, შესრულების განსაკუთრებულმა სტილმა, უბადლო ტექნიკურმა შესაძლებლობებმა, რაც ამ პარტიისთვის განსაკუთრებულად საჭიროა.

მაგრამ  ლალი კანდელაკი ცეკვას თავს არ ანებებს. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით გვინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და ლალის თაყვანისმცემლებს. პრიმა-ბალერინა კვლავ იცეკვებს მის საუკეთესო პარტიებს - ჩელიტას, ჯავარას, ფერია დრაჟეს და სხვა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი  ლალის   მომავალ  წარმატებებს  უსურვებს!