ნინო ანანიაშვილის და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის საჩუქარი ბავშვებს


25, 26 და 27 ნოემბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საბავშვო ბალეტის „წუნა და წრუწუნას“ პრემიერა გაიმართა.
 
ბალეტის დადგმის იდეა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოპულარული და არაერთი თაობისთვის საყვარელი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის, „წუნა და წრუწუნას“ მიხედვით შექმნა ბალეტი, როგორც ერთგვარი კულტურული ხიდი უფროსებსა და პატარებს შორის.
 
ნინო ანანიაშვილმა, ამ იდეით, 2013 წელს მიმართა „წუნა და წრუწუნას“ მუსიკის ავტორს, უამრავი ბავშვის საყვარელი კომპოზიტორს, მერი დავითაშვილს, რომელმაც ბალეტის დამდგმელი ჯგუფს სიამოვნებით გადასცა მულტფილმისათვის შექმნილი მუსიკალური მასალა. კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, ამ მასალისგან ზურაბ ნადარეიშვილმა საბალეტო პარტიტურის საკუთარი ვერსია შექმნა, რომელშიც, ამასთანავე, მუსიკალური კლასიკის ბევრი შედევრია ჩართული.
 
ბალეტის ლიბრეტოს ავქსენტი ცაგარელის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ უდევს საფუძვლად, თუმცა მასში ბევრი ახალი დეტალია შეტანილი.

„წუნა და წრუწუნას“ დამდგმელი ქორეოგრაფები ნინო ანანიაშვილი და გია მარღანია არიან. კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზეშვილია, დეკორაციები ირაკლი ავალიანმა შექმნა. სპექტაკლებს კახი სოლომნიშვილმა უდირიჟორა.