ნინო ანანიაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ისრაელი მოხიბლა და მოაჯადოვა


19-28 თებერვალს ისრაელში საბალეტო დასის გასტროლი გაიმართა. თანამედროვე ქორეოგრაფიის პროგრამა საბალეტო დასმა ისრაელის სახელმწიფოს ოთხ ქალაქში - ბერშევაში, ჰერცილიაში, იერუსალიმსა და ჰაიფაში წარმოადგინა და შვიდი სპექტაკლი გამართა. ქართული ბალეტის გამოსვლებს არაერთი რეცენზია მიუძღვნა ისრაელის პრესამ. გაზეთი „ჰარეტზი“ წერდა:

„საქართველოს სახელმწიფო ბალეტი: უჩვეულო გახსნილობა, სტილისა და იუმორის არაჩვეულებრივი სინთეზი.
 
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მიერ გამართული სპექტაკლი გასაოცარი იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის საბალეტო დასებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყოველწლიურად ცეკვავენ აქ, მათი რეპერტუარი მრავალფეროვანი, თანამედროვე და დამაინტრიგებელი იყო, მოცეკვავეებს შემოჰქონდათ  სტილისა და იუმორის საოცარი კომბინაცია.

აშკარაა, რომ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა, დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ 166 წლის წინ დაარსებული საბალეტო დასი გაეთავისუფლებინა იმ ტრადიციისა და კონსერვატიულობის ჩარჩოებისაგან,  რომლისგან თავის დაღწევას ბევრი საბალეტო დასი ვერ ახერხებს. საინტერესო რეპერტურთან ერთად, მოცეკვავეების განსხვავებულობა დასში მოძრაობათა და ტექნიკური ტრადიციების დამატებითი ფერების შემომტანია. საღამოს კულმინაციური მომენტი იყო სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის გამოჩენა სცენაზე, „მომაკვდავი გედის“ შესრულებით. ნინო ანანიაშვილმა, (54 წლის!) შეასრულა კლასიკური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნომერი, მიხეილ ფოკინის ქორეოგრაფიის მისეული ვერსია. გარდა იმისა, რომ ნინო ანანიაშვილმა შეძლო 54 წლის ასაკში  პუანტებზე დგომა, მან გედის ამ მყიფე და ფაქიზ ფიგურას ენერგია და ხასიათი შესძინა“.

იერუსალიმში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი საგასტროლო ტურნეს დასასრულს ჩავიდა. სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი დასმა თეატრ „იერუშალაიმში“ წარმოადგინა. რეცენზიები პრესტიჟულ გამოცემებში მეორე დღესვე გაჩნდა. წერდნენ, რომ ნინო ანანიაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ისრაელი მოხიბლა და მოაჯადოვა.
გასტროლი ისრაელის სახელმწიფოს 70 წლისთავს მიეძღვნა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეფასებით, ქართულ-ებრაული კულტურული ურთერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანი განაცხადი გახდა.

საგასტროლო პროგრამაში საბალეტო დასმა მედი ვალერსკის „პეტიტ ცერემონი“, ირჟი კილიანის „ექვსი ცეკვა“ და იური პოსოხოვის „საგალობელი“ წარმოადგინა.