ნინო ანანიაშვილს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა


10 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

საბალეტო გალა-კონცერტი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით გაიმართა და მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავს მიეძღვნა. კონცერტში მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი ალექსანდრ ვოლჩკოვი და საბალეტო დასის სოლისტები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა გალა-კონცერტზე   წარმოადგინა პ. ჩაიკოვსკის ბალეტის „მძინარე მზეთუნახავის“ მესამე მოქმედება, გრან-პა (Grand Pas) ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ და ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სერენადა“.
საღამოს დასასრულს, საბალეტო დასმა სამხატვრო ხელმძღვანელს სიურპრიზი მოუწყო და  პრიმა-ბალერინას მიულოცა სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე.

გალა-კონცერტის შემდეგ საბალეტო დასი გასტროლზე გაემგზავრა იაპონიაში. ამომავლი მზის ქვეყანაში ეს დასის მეოთხე (2007, 2010, 2012) გამოსვლაა.