ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა


29 აპრილს ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდა. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში დასახელებულია პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით. 

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებეში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა. პრიმა-ბალერინასთვის მინიჭებული ჯილდო კულტურის მოღვაწეთათვის იაპონიის მიერ დაწესებული ჯილდოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს, 86 წლის ასაკში, მაია პლისეცკაია გახდა.
 
იაპონიის საიმპერატორო ჯილდოს გადაცემა 1875 წელს დაიწყო, ხოლო დაჯილდოების დღევანდელი სისტემა 1964 წელს შეიქმნა. არსებობს ორი სახის -„ამომავალი მზის ორდენი“ და „წმინდა საგანძურის ორდენი“. ეროვნებით არაიაპონელი, ჩვეულებრივ, „ამომავალი მზის ორდენით“ ჯილდოვდება. 2017 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 105 არაიაპონელი ლაურეატი შეირჩა და ამ რანგის ჯილდო მხოლოდ 34 მათგანს მიენიჭა, ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა. პრიმა-ბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.