ოპერის თეატრი 166-ე სეზონს ხსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს 17 სექტემბერს ტრადიციულად გახსნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი". 20 სექტემბერს  გაიმართება საქველმოქმედო საოპერო გალა კონცერტი თეატრის საოპერო დასის მონაწილეობით. კონცერტიდან შემოსული თანხა დედაქალაქის გამწვანების მიზნით მოხმარდება ნერგების შეძენას. ნერგებს თავად თეატრის თანამშრომლები დარგავენ.
 
17 სექტემბერს,  „აბესალომ და ეთერში“ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: მაყვალა ასპანიძე, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ფილიპე ღაჭავა, გიორგი ჭელიძე (სტაჟიორი), ირინა შერაზადიშვილი (სტაჟიორი), ალექსანდრე თიბელიშვილი (სტაჟიორი), გიორგი წამალაშვილი (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.
 
20 სექტემბერს, საქველმოქმედო გალა კონცერტზე ოპერის თეატრის სოლისტები შეასრულებენ არიებს და ანსამბლებს ვერდის, ჯორდანოს, პუჩინის, დონიცეტის, ფალიაშვილის, დოლიძის, თაქთაქიშვილის, რახმანინოვის ოპერებიდან.
 
სეზონის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ოპერის გუნდის გასტროლი ჩეხეთში. 26 სექტემბერს, პრაღაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში Rudolfinum, ისინი შეასრულებენ ქერუბინის „რეკვიემს“, ხოლო 27 სექტემბერს, ბრნოს Besedni Dum-ში. საგასტროლო კონცერტი ჩეხეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით ხორციელდება.
 
165- საიუბილეო სეზონზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 8 პრემიერა და მასშტაბური დადგმები განხორციელდა, გაიმართა გალა კონცერტები, დაფუძნდა საბალეტო  ფესტივალი, სცენა დაეთმო მომღერალთა ახალ თაობას, სტაჟიორებს, ოპერის სოლისტებს, სადირიჟორო პულტთან გამოჩნდნენ ყველა თაობის დირიჟორები, პრემიერებში ჩაერთო საბავშვო გუნდი, საყოველთაოდ ცნობილი მომღერლები, მოცეკვავეები, დასები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, მაესტროები, შედგა გასტროლები. ოპერისა და ბალეტის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ გამორჩეული სეზონი.