ოპერის ევროპული დღეები დაიწყო


დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში, ოპერის ევროპულ დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას დაესწრნენ: საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე (პროექტის ხელმძღვანელი), ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

სამი დღის განმავლობაში, 6, 7 და 8 მაისს, საქართველოს სახელმწიფო ოპერა, როგორც OPERA EUROPA-ს წევრი თეატრი, ოპერის ევროპულ დღეებს  ევროპის 40 ქვეყნის წამყვან საოპერო თეატრთან ერთად აღნიშნავს.

ოპერის ევროპული დღეები წელს მეათედ გაიმართება სლოგანით - „მსოფლიოს თეატრი“. მუსიკას შესწევს ძალა ესაუბროს ყველას ბარიერების გარეშე, ნაციონალური თუ კულტურული განსხვავებების მიუხედავად.

საზეიმო ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, დღეს, 6 მაისს დაიწყო.  გაიმართა ექსპოზიცია „საქართველო - ოპერა - ევროპა“ და  კოსტიუმირებული პერფორმანსი ოპერის თეატრის წინ.

ექსპოზიცია და კოსტიუმირებული კონცერტი გაგრძელდება 7 მაისსაც. ამავე დღეს, 12 საათზე გაიმართება ოპერის ბავშვთა გუნდის აქცია-კონცერტი „ოპერა ყველასთვის“.
 
8 მაისს, დღისით, მაყურებელი ბავშვთა გუნდის გამოსვლას კიდევ ერთხელ, ევროკავშირის მიერ რიყეზე ორგანიზებულ კონცერტში იხილავს. 

საღამოს, 20.00 საათზე კი, ოპერის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ თეატრის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივ გალა-კონცერტს.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, კახაბერ თეთვაძე, ირინე რატიანი, ოთარ ჯორჯიკია, თეა დემურიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა. დირიჟორი დავით კინწურაშვილი. საღამოზე, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გახსნის, შესრულდება ფრაგმენტები ფალიაშვილის, ლაღიძის, მოცარტის, ვერდის, გუნოს, ვაგნერის, პუჩინის, ჩილეას და ჯორდანოს ოპერებიდან.