ოპერის თეატრის წინ თენგიზ მუშკუდიანს ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, 14 ივლისს, 19.00 საათზე, ოპერის თეატრში გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.
 
საღამოზე თენგიზ მუშკუდიანს გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. თენგიზ მუშკუდიანს ჯილდო გადასცა კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილი. დაჯილდოების შემდეგ ოპერის წინ საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნა.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღეს სახალხო არტისტებმა, თენგიზ მუშკუდიანის ყოფილმა და ამჟამინდელმა მოწაფეებმა. სცენაზე სხვადასხვა თაობის ოპერის წამყვანი სოლისტები ავიდნენ, მათ შორის იყვნენ: თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, გოჩა დათუსანი, სულხან გველესიანი, ლევან მაკარიძე, ირინა ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, ირაკლი კახიძე, კახაბერ შავიძე, გიორგი მოციქულაშვილი, ლევან ტაბატაძე და ქეთევან ქემოკლიძე.
 
საზეიმო გალა-კონცერტს თანხლებას საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრმა გაუწია. სადირიჟორო პულტთან იდგნენ ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.
 
საღამოზე შესრულდა ფრაგმენტები ცნობილი ოპერებიდან, ასევე, გამოყენებული იყო თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედების ამსახველი უნიკალური კადრები, რომელიც ოპერას ღონისძიების პარტნიორმა - საქართველოს ეროვნულმა არქივმა მიაწოდა.
 
საღამოს მედიაპარტნიორი რადიო „იმედი“ იყო.