ოპერის თეატრის დასი პუჩინის ფესტივალზე

იტალიაში, საოპერო მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე, რომელიც  მთლიანად ჯაკომო პუჩინის შემოქმედებას ეთმობა, გუშინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა „მანონ ლესკო“ წარმოადგინა.

პუჩინის 64-ე ფესტივალზე ტორე დელ ლაგოში, დიდი თეატრის ღია სივრცეში შემდგარ საკონცერტო შესრულებაში თბილისის საოპერო თეატრის ორკესტრთან, გუნდთან, სოლისტებთან, მოწვეულ ქართველ მომღერლებთან ერთად პუჩინის სიმღერის აკადემიის სოლისტები და მსახიობთა დასი გამოვიდნენ მარტინს ოზოლინსის დირიჟორობით.  

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მაყვალა ასპანიძე (მანონ ლესკო), ალექსანდრ ალიევი (მეფის მცველთა სერჟანტი), გიორგი ონიანი (რენატო დე გრიე), გოჩა დათუსანი (ჟერონტ დი რავუ ხაზინის გენერალი), ანზორ ფილია (ედმონდო), პაატა სუხიტაშვილი (მეფარნე), ანდრეა დე კამპო (მეპატრონე), ფედერიკო ბელეტი (ცეკვის მასწავლებელი), ალესანდრო მარტინელი (მშვილდოსანთა სერჟანტი), ფილიპო ლუნეტა (ფლოტის უფროსი).
თბილისის ოპერის გასტროლი იტალიაში წარმატებული გამოსვლით დაიწყო. დასი  ფესტივალზე დღეს „ბოჰემას“ წარმოადგენს, ზეგ კი „ტურანდოტს“.

ორივე დადგმის რეჟისორი ალფონსო სინიორინია. სწორედ „ტურანდოტის“ მისეული ვერსიის თბილისური პრემიერა შედგა 2018 წლის მარტში, როგორც ტორე დელ ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის ერთობლივი პროდუქცია.  
„ბოჰემას“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასის მონაწილეობით, იტალიური ოპერის მოყვარულები, იტალიის ერთ-ერთი ცენტრალური არხის Canale 5-ის საშუალებით, ზეგ პირდაპირ ეთერში იხილავენ.
 
იტალიური პრესა თბილისის ოპერის დასის გუშინდელი გამოსვლის შესახებ:
„მანონ ლესკო“ ქართველთა შესრულებით
„პატარა სახელმწიფოს დედაქალაქის თბილისის თეატრის გუნდმა, ორკესტრმა და მსახიობებმა ცხადყვეს, რომ საქართველოში პუჩინი პოპულარულია. გუშინ, ტორე დელ ლაგოს ფესტივალზე მათ  „მანონ ლესკო“ ნახევრადსცენური ფორმით გააცოცხლეს. დირიჟორობდნენ მარტინს ოზოლინსი და ავთანდილ ჩხენკელი. საოცარი მონდომებით იმღერეს და მაღალი შეფასება დაიმსახურეს ბრწყინვალე ხმებიანმა მაყვალა  ასპანიძემ,  გიორგი ონიანმა ასევე, დათუსანმა,  ფილიამ, სუხიტაშვილმა, დე კამპომ“...    https://www.lagazzettadiviareggio.it/
 
 
28 ივლისს, იტალიის დროით 23.15-ზე ტორე დელ ლაგოს სცენას უბრუნდება პუჩინის „ტურანდოტი“.
თბილისის სახელმწიფო თეატრის ოპერის გუნდსა და ორკესტრს უხელმძღვანელებს რუსი დირიჟორი ფელიქს კორობოვი, ხოლო ფესტივალის გუნდს „ვოჩი ბიანკეს“ - ვივიანა აპიჩელა.
ტურანდოტი  - მაყვალა ასპანიძე, ტიმური - გოჩა დათუსანი; პრინცი კალაფი -ანზორ ხიდაშელი.
 
4 აგვისტოს დაგეგმილი ოპერა „ტოსკა“, რომელსაც ქართული საოპერო დასი და მოწვეული სოლისტი მამუკა ლომიძე (სკარპიას პარტიით) წარმოადგენენ, მეორე საპრემიერო სპექტაკლი იქნება. პრემიერა  16 ივლისს გაიმართა და ის სპეციალურად ტორე დელ ლაგოს ფესტივალისთვის ჯანკარლო დელ მონაკომ დადგა.

„ტოსკა“, ისევე, როგორც „ტურანდოტი“, ტორე დელ ლაგოსა და თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროდუქციაა. ტოსკას ამ ვერსიის პრემიერა თბილისში მომდევნო, 167-ე სეზონზე გაიმართება.