ოპერის თეატრის მუზეუმს საჩუქრად რამდენიმე საოპერო კლავირი გადმოეცა

27 ოქტომბერს ოპერის თეატრის მუზეუმს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის, ნადეჟდა სილაგაძის პირადი ბიბლიოთეკიდან რამდენიმე საოპერო შედევრის კლავირი გადმოეცა.
 
მათ შორისაა ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით  გაფორმებული „აბესალომ და ეთერის“ 1941 წლის გამოცემა და „ერნანის“ რარიტეტული, 1872 წლის გამოცემა.
 
„გვინდა, ჩვენს საყვარელ ოპერის თეატრს გადმოგცეთ ოპერების: „ტრავიატა“, „ერნანი“, „მადამ ბატერფლაი“, „პიკის ქალი“,„ ევგენი ონეგინი“, „რიგოლეტო“, „კარმენი“, „აბესალომ და ეთერი“, „ჯამბაზები“ - კლავირები“ ­- ნათქვამია მუსიკოსის შვილის, გურამ სილაგაძის წერილში, რომელიც თეატრმა საჩუქართან ერთად მიიღო.
 
ოპერის თეატრი მადლიერებას გამოხატავს სილაგაძეების ოჯახის მიმართ. დღეიდან გამოცემები თეატრის მუზეუმის ექსპონატებს შორის დაიდებს ბინას.