ოპერის თეატრში „სამოსელი პირველის“ პრემიერისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს

ოპერის თეატრში „სამოსელი პირველის“ პრემიერისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს: 31 მაისს და 1 ივნისს თეატრი მაყურებელს ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამას წარუდგენს.

ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის უკვე კლასიკად ქცეული რომანის მიხედვითაა შექმნილი. „სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი - ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი - ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები - ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი , ასევე დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე, თორნიკე ბზიავა და მრავალი სხვა. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.