პრესკონფერენცია „ფასკუნჯის" პრემიერის წინ

30 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯის“ პრემიერასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი დავით კინწურაშვილი, საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ანდრის ლიეპა და საბალეტო დასის სოლისტები იღებდნენ.

2 და 3 აპრილს, თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასი მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს. მეოცე საუკუნის დიდი ქორეოგრაფის, მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფიის საღამოზე შედგება იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯის“ პრემიერა. ბალეტს თბილისში ანდრის ლიეპამ დადგა, რომელსაც ეკუთვნის ფოკინის ბალეტების რეკონსტრუქცია და აღდგენა. „ფასკუნჯთან“ ერთად საღამოზე ქორეოგრაფის კიდევ ორი ბალეტი „შოპენიანა“ და „ვარდის ზმანება“ იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.