საქართველოს სახელმწიფო ბალეტი საგასტროლოდ ესტონეთსა და ფინეთში მიემგზავრება
2017 წლის 28 აპრილიდან 7 მაისამდე, კომპანია Eesti Konsert-ის ორგანიზებით ესტონეთის ქალაქ იიჰვიში ყოველწლიური საბალეტო ფესტივალი იმართება. Eesti Konsert-მა საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ფესტივალის პროგრამა:
5 მაისი -
მიხაილ ფოკინის საღამო - „შოპენიანა“, „ვარდის ზმანება“ და „ფასკუნჯი“; 6 მაისი-
ჯორჯ ბალანჩინის პროგრამა - „სერენადა“, „მოცარტიანა“ და
იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“; 7 მაისი - გალა-კონცერტი.
გასტროლი გაგრძელდება ფინეთში. ჰელსინკში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი Saimaa Dance Festival–ის ხელმძღვანელმა და საბჭოს თავმჯდომარემ ჰანუ ჰიტინენმა (Hannu Hyttinen) მიიწვია გასტროლზე. საბალეტო დასი ორ წარმოდგენას 8 და 9 მაისს გამართავს. პროგრამაშია იური პოსოხოვის „საგალობელი“, ჯორჯ ბალანჩინის „კონჩერტო ბაროკო“ და ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანი” პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით. ორივე საღამო ჰელსინკიში, Alexander Theatre-ში გაიმართება.