„სიყვარულის ნექტარი“ საიუბილეო 165-ე სეზონის კიდევ ერთი პრემიერა


28 მაისს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარი“ პრემიერა გაიმართება.
 
მაყურებელი თბილისის ოპერის თეატრში იხილავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს ნამუშევრების მიხედვით დადგმული დონიცეტის ოპერის გამორჩეულ ვერსიას, რომლის შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და ფერადოვნებაშიც  ადვილად ამოიცნობა „ბოტერიზმად“ ცნობილი სტილი - უტრირებული მასშტაბები და ხასიათი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურების გამოსახვისას.
 
სპექტაკლებს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.
 
საპრემიერო წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი იტალიელი შემსრულებლები, ქართველი მოწვეული მომღერლები, თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები, თეატრის გუნდი და ორკესტრი მთავარი დირიჟორის, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. ქართულ და იტალიურ შემადგენლობებს ასევე უდირიჟორებენ მაესტროები: ვალტერ ატანაზი, ალბერტო ვერონეზი და ფაბრიციო კასი. საპრემიერო სპექტაკლები სხვადასხვა შემადგენლობით მთელი ივნისის განმავლობაში გაგრძელდება.