„სიყვარულისთვის“ - მსოფლიო პრემიერა საქართველოს სახელმწიფო ოპერის სცენაზე

15 ივნისს, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“, თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასმა და ორკესტრმა, თეატრის სცენაზე მაყურებელს მსოფლიო პრემიერა შესთავაზა.

სპექტაკლი „სიყვარულისთვის“ ორი ნაწილისაგან შედგება და ოპერისა და ბალეტის სინთეზს წარმოადგენს, რომელშიც ერთობლივადაა წარმოდგენილი ნინო როტას სუიტაზე (ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada) დადგმული ბალეტი და ფრანსის პულენკის მონოოპერა „ადამიანის ხმა“.

პირველ ნაწილში მთავარი როლი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა შეასრულა, პულენკის მონოოპერა კი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ იმღერა.

სპექტაკლის დადგმა იტალიელმა ხელოვანებმა განახორციელეს, მას მაესტრო კარლო პონტიმ უდირიჟორა.

15 ივნისის საქველმოქმედო სპექტაკლს საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრო. ამ სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.

სპექტაკლს ქართველი მაყურებელი 17 და 19 ივნისს კვლავ იხილავს.