თამარ ივერი - პირველად ნედას პარტიით თბილისის ოპერის სცენაზე


26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ შესრულდება.
 
ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე პირველად შეასრულებს ნედას პარტიას. დღემდე, ეს პარტია მომღერალს დიდი წარმატებით აქვს შესრულებული ტულუზის Théâtre du Capitole და ვენის Staatsoper-ში, ცნობილი რეჟისორის ჟან-პიერ პონელის დადგმაში.
 
26 ოქტომბერს თამარ ივერს პარტნიორობას გაუწევენ:  ანზორ ხიდაშელი (კანიო); სულხან გველესიანი (ტონიო); გიორგი წამალაშვილი (სილვიო (სტაჟიორი)); ირაკლი მურჯიკნელი (პეპე).
სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი - თემურ ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი.
ჯამბაზებისეს ვერსია, თბილისის ოპერის თეატრში, 2006 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა.
 
„ჯამბაზები“ რუჯერო ლეონკავალოს ყველაზე ცნობილი ოპერაა. ეს ნაწარმოები, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად, საოპერო ვერიზმის პირველი ნიმუშია.
სიუჟეტი, კომპოზიტორის ცნობით, რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. მასში მოთხრობილია მოხეტიალე დასის მსახიობთა ვნებებზე, რომელიც ფატალურად სრულდება.
პრემიერა შედგა მილანის თეატრში Dal Verme, 1892 წლის 21 მაისს. ერთი წლის შემდეგ მისი პრემიერა გაიმართა საქართველოშიც: ქართულ თეატრში 1893 წლის 4 ოქტომბერს;  ოპერის („სახაზინო“) თეატრში კი 13 ოქტომბერს.
ბრწყინვალე მუსიკის, ორიგინალური ორკესტრობის, დრამატურგიის ცოცხალი, ორგანული განვითარების წყალობით „ჯამბაზები“ პრემიერის დღიდან უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ოფიციალური მონაცემებით, ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ხშირად დადგმულ ოპერათა ოცეულში შედის.