თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში განახლებული ტურები დაიწყო!


ტურზე მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ:
 
გიდთან ერთად დაათვალიერონ თეატრის უნიკალური შენობა ცისფერი და წითელი დარბაზებითა და მთავარი დარბაზით;

ქართულ და ინგლისურ ენებზე გაეცნონ შენობის ისტორიას და იხილონ თეატრის მომღერლების, მოცეკვავეების, კომპოზიტორების, დირიჟორების, რეჟისორებისა და მხატვრების პირადი ნივთები;

მოხვდნენ ყოფილ სხვენში, სადაც ახლა ჯანო კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზია განთავსებული, და  ვერანდაზე, რომლიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება;
დაათვალიერონ თეატრის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი და მასში განთავსებული ექსპონატები, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
 
მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, ნახონ თეატრის  შენობის ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალა: მე-19 საუკუნის ჭაღი, რომელიც 1973 წლის ხანძრის დროს წითელ დარბაზში ეკიდა; სკამი, რომელიც დაწვას გადაურჩა; ლერი მეძმარიაშვილისა და მურთაზ ჩაჩანიძის მიერ შესრულებული გეგმების ესკიზები, რის მიხედვითაც დაიწყო ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები; უკვე დამწვარი და ნახევრად დანგრეული თეატრის უნიკალური, აქამდე უცნობი ფოტო-მასალა; თეატრის მოოქროვილი ინტერიერის ფურცლოვანი ოქროს ნიმუშები; დათვალიერებელი იხილავს, ასევე, მომღერალ ცისანა ტატიშვილის სასცენო კოსტიუმებს, აქსესუარებს, სამკაულსა  და პირად ნივთებს; მის რჩეულ სუნამოებსა და სათვალეებს, ამნერისის კოსტიუმს, პარიკსა და თავსაბურავს სპექტაკლიდან „აიდა“, სირაქლემას ბუმბულისა და სადაფისგან  დამზადებულ შავ და თეთრ მარაოებს სპექტაკლიდან „ტოსკა“; მომღერლის პირადი ცხოვრების ამსახველ ექსკლუზიურ ფოტოებს, საინტერესო წერილებსა და მისალოც ბარათებს, რომლებიც მომღერალმა  სხვადასხვა როლის წარმატებით შესრულების შემდეგ თაყვანისმცემლებისგან მიიღო.

ტურები შედგება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 11 დან 17 საათამდე.
ტურების ღირებულება 15 ლარი.12 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ,
ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა დაუკავშირდეთ თეატრის საინფორმაციო სამსახურს: T: 2 00 44 66