თბილისის საბალეტო ფესტივალი, 21 ივნისი-2 ივლისი


თბილისში დაფუძნდა საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
 
ფესტივალის პროგრამა:
21, 23 და 25 ივნისი - პრემიერა. ა. კრეინი „ლაურენსია“ (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია. ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა).  
28-29  ივნისი - ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 -ის პროგრამა
30 ივნისი - ლ. მინკუსი. დონ კიხოტი.
1ივლისი - პ. ჩაიკოვსკი. გედების ტბა.
2 ივლისი -  Ballet Gala
 
თბილისის საბალეტო ფესტივალი ა. კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსია“ ფესტივალის პროგრამით კიდევ ორჯერ -23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი, დავით ანანელი შეასრულებენ.
 
საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს - 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს.

წარმოდგენილი იქნება  ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონის და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand ), ედვარდ კლუგის (Mutual Comfort ), ჰანს ვან მანენის (Solo),  ალექსანდერ ეკმანის (Cacti),  იოჰან იონგერის  (I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოს ცნობილი საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ.
 
30 ივნისს წარმოდგენილი იქნება ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები (რუსეთი) ეკატერინა კრისანოვა (ჩელიტა) და ვლადისლავ ლანტრატოვი (ბაზილი).
 
1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).
 
ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალექსანდ ვოლჩკოვი, (დიდი თეატრი, რუსეთი), ელიზა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).
 
საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის და  საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც  ალევტინა იოფე   უდირიჟორებს.  
 
თბილისის საბალეტო   ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თიბისი ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია,ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, უნგრეთის მთავრობა.
 
კომპანიები „ვისოლი“,სასტუმრო „იოტა“, „ბორჯომი“, UNICARD -ი, Kikala Studio.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“, „კვირის პალიტრა“, ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „სითი“