„ტრავიატა“ - პრემიერა ოპერაში

18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება. „ტრავიატას“ საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 19, 23, 24 და 30 ნოემბერს.

პირველად თეატრის ისტორიაში, თბილისის ოპერის საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორმა წამყვანმა თეატრმა იმუშავა: „ტრავიატას“ დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში, იტალიაში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები ესპანეთში, მადრიდის Teatro Real- ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს  ბაზაზე შეიკერა სამკერვალოში - PERIS COSTUMES, მარია გონზაგას ხელმძღვანელობით. PERIS COSTUMES 1856 წელს დაარსებული უძველესი კომპანიაა, რომელიც ქმნის და აქირავებს ყველა პერიოდის კოსტიუმებს მსოფლიო კინოს, თეატრის, სარეკლამო ბიზნესისა და სატელევიზიო შოუებისათვის. მის კოლექციაში სხვადასხვა პერიოდის 2.5 მილიონი კოსტიუმი ინახება. PERIS COSTUMES-ის მიზანია გახდეს 21-ე საუკუნის კოსტიუმების N1 ინოვაციური სახლი.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი - ლორან გერბერი (შვეიცარია/იტალია), სცენოგრაფი - მასიმო ბელანდო რანდონე (იტალია), კოსტიუმების მხატვარი - ესტერ მარტინი (ესპანეთი), დამდგმელი ქორეოგრაფი - ნინო ანანიაშვილი. 

18 ნოემბერს, „ტრავიატას“ პრემიერაზე მთავარ პარტიებს  შეასრულებენ:  სალომე ჯიქია (ვიოლეტა ვალერი), ოთარ  ჯორჯიკია (ალფრედო ჟერმონი),  სულხან  გველესიანი (ჯორჯო ჟერმონი), ასევე მონაწილეობენ: ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მანანა იორდანიშვილი (ანინა, ვიოლეტას მსახური), თამაზ საგინაძე (გასტონე, ვიკონტი დე ლეტორიერი), ირაკლი მუჯირი (ბარონი დუფოლი), გიორგი ჭელიძე (მარკიზი დ’ობინი), ლევან მაკარიძე (ექიმი გრანვილი), პაატა სუხიტაშვილი (ჯუზეპე, ვიოლეტას მსახური), თემურ ახობაძე (მოხელე), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი. სპექტაკლს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

19, 23, 24 და 30 ნოემბერს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებისა და სტაჟიორების სხვადასხვა შემადგენლობა იმღერებს. სპექტაკლებს სპეციალურად პრემიერისთვის მოწვეული დირიჟორები, ვალტერ ატანაზი და ალბერტო ვერონეზიც გაუძღვებიან.

ჯუზეპე ვერდიმ თავისი უკვდავი ოპერა ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანის მიხედვით „ქალი კამელიებით“ შექმნა. აღსანიშნავია, რომ "ტრავიატას" მოსმენის შემდეგ ალექსანდრე დიუმა-შვილმა თქვა: „ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი „ქალი კამელიებით“, ვერდიმ კი ის უკვდავყო“.

„ტრავიატას“ პრემიერა  1853 წლის 6 მარტს ვენეციის ლა ფენიჩეში შედგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე კი „ტრავიატას“ პრემიერა 1859 წლის 30 ნოემბერს გაიმართა.