„ტურანდოტი“ თბილისსა და იტალიაში


7 დეკემბერს, იტალიის ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე Canale 5-ზე შედგა ტორე დე ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის ერთობლივი პროდუქციის, ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ პრემიერის ჩვენება. ამავდროულად, პერიოდული პრესის საშუალებით მთელი იტალიის მასშტაბით გავრცელდა ოპერის DVD ჩანაწერი.

პროექტი რეჟისორ ალფონსო სინიორინის დებიუტია საოპერო ხელოვნებაში, მუსიკალური ხელმძღვანელი კი მაესტრო ალბერტო ვერონეზია, რომელიც ოპერის ქართველი მოყვარულებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. 

სპექტაკლის იტალიური პრემიერა ტორე დე ლაგოს ფესტივალზე გასულ ზაფხულს გაიმართა და მან უაღრესად დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

ტორე დე ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის ერთობლივი პროდუქციის, ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ თბილისური პრემიერა 2018 წლის თებერვალსა და მარტში შედგება, ხოლო ივლისში, ჩვენი თეატრი მას პუჩინის ფესტივალზე სხვა სპექტაკლებთან ერთად შეასრულებს. 

ამავე ზაფხულში ასევე დაგეგმილია თბილისის ოპერის თეატრის ინტენსიური მონაწილეობა  იტალიის სხვა მნიშვნელოვან საოპერო ღონისძიებებში, კერძოდ, ბუსეტოს ვერდის სახელობის ფესტივალსა ტალიაკოცოს საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე (Festival Internazionale di Mezza Estate).