ტური ოპერაში

ოპერაში დაგეგმილ ტურებთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა გამართეს.
 
ყოველ შაბათს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები, ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი ქვეყნის ყველა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას. ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის „შიდა სამზარეულოს“. სტუმრებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს.
 
პრესკონფერენციას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოპერის თეატრის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ელისო ჯულაყიძე.
 
 პირველი ტური ოპერის თეატრში მოეწყობა შაბათს, 2 აპრილს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირთა რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 20 და არაუმცირეს 7 ადამიანისა, რაც სრულყოფილი ტურის ჩატარების აუცილებელი პირობაა.
 
 
ყოველი ხუთშაბათი იქნება საბავშვო, სასკოლო ტურების დღე. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა სასურველია არ აღემატებოდეს 30-ს. თეატრის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ ოჯახები და პენსიონერები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ტური  უფასოა.
კლასიკურის გარდა თეატრში თემატური ტურებიც მოეწყობა. კერძოდ, ბალეტომანებს „პუანტების“, ოპერის მოყვარულებს „პრიმადონას“, ორკესტრითა და დირიჟორით დაინტერესებულებს კი „უვერტიურისა“ და „მაესტროს“ ტურის არჩევა შეეძლებათ.
 
პირველი ქართულენოვანი ტური ოპერაში 2 აპრილს 12.00 საათზე, ხოლო ინგლისურენოვანი  - 13.00 საათზე გაიმართება.

ტურის მსურველები დაგვიკავშირდით ოპერის საინფორმაციო სამსახურის ნომერზე:
2 00 44 66