ზურაბ სოტკილავა 80 წლისაა


საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი 80 წლის იუბილეს ულოცავს ქართველ ტენორს, მაესტრო ზურაბ სოტკილავას!


ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1966-1968 წლებში  სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრიზისა და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე პრიზის მფლობელი ზურაბ სოტკილავა, 1994 წელს ამავე კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა.

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა  ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრადაა არჩეული.