ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა


დღეს, მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ქართველი ტენორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მაესტრო ზურაბ სოტკილავა.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაესტრო ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას.

 

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1966-1968 წლებში  სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრიზისა და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე პრიზის მფლობელი ზურაბ სოტკილავა, 1994 წელს ამავე კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა.

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელი გახლდათ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 

„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა  ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.