ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა იწყება!


თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იწყებს ახალ პროექტს - ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამას. ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში იგეგმება პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრთან.

გაცვლითი პროგრამები იგეგმება შემდეგ თეატრებთან: ნიუ იორკის Metropolitan Opera, Lindemann Young Artist Development Program, ლოს ანჯელესის ოპერა - Placido Domingo-Thornton Young Artist Program, მიუნხენის ოპერა - Bayerische Staatsoper  - Opera Studio, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი -The Jette Parker Young Artists Programme, პარიზის Opera de Bastille-ს აკადემია, მილანის Accademia Teatro alla Scala,  პარმის Teatro Regio-ს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა,   ბარსელონას მუსიკის საერთაშორისო აკადემია Concertante, პუჩინის ფესტივალის Torre del lago- ახალგაზრდული პროგრამა.

აღნიშნული პროექტის  ფარგლებში პირველი გაცვლითი პროგრამა  ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად ხორციელდება. Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელია ბორის ანიფანტაკისი, საოპერო სტუდიის შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი - მაესტრო დანიელ ბარენბოიმი.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება ამა წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე და მასში მონაწილეობას მიიღებენ Staatsoper Unter den Linden-ის საერთაშორისო საოპერო სტუდიის 4 მომღერალი და პიანისტი: სლავკა ზამეჩნიკოვა (სოპრანო), კლარა კორინა შიურლე (მეცოსოპრანო), ანდრეს მორენო გარსია (ტენორი), ადამ კუტნი (ბარიტონი), მარკუს ცუგეჰოერი (კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი) და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  6 სტაჟიორი და პიანისტი: ირინა შერაზადაშვილი (სოპრანო), ნინო ზაქაიძე (მეცოსოპრანო), პაატა სუხიტაშვილი (ტენორი), გიორგი მჭედლიშვილი (ბარიტონი), გიორგი ჭელიძე (ბანი), გიორგი ცინცაძე (ტენორი) და ნათია აზარაშვილი (პიანისტი).

პირველი მასტერკლასი გაიმართება 1 ნოემბერს და მას კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი მარკუს ცუგეჰოერი გაუძღვება.

2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის დიდ დარბაზში მონაწილეთა ერთობლივი კონცერტი ჩატარდება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებისთვის  მასტერკლასს ჩაატარებს.

ამავე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს, დაგეგმილია ერთობლივი კონცერტი Staatsoper Unter den Linden-ის საკონცერტო დარბაზში Apollo-Saal. 28 ივნისს მომღერლებს მასტერკლასს ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი, დებორა პოლასკი ჩაუტარებს.

თბილისის ოპერის თეატრისა და  ბერლინის შტაატსოპერის პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.