სეზონი 167
12 იანვარი, 2019 წელი
პიოტრ ჩაიკოვსკი
მაკნატუნა
ბალეტი ორ მოქმედებად
მარი - ნინო ხახუტაშვილი
მაკნატუნა-პრინცი - აგელოს ანტონიუ
ფერია დრაჟე - ნინო სამადაშვილი
უფლისწული - ფილიპ ფედულოვი
დროსელმაიერი - მაქსიმ კამიშევი
დამდგმელი ქორეოგრაფი – ალექსეი ფადეეჩევი
თოჯინების ცეკვების დამდგმელი – გია მარღანია
დამდგმელი მხატვარი – სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე
მხატვარი – იური გეგეშიძე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი – ეკა შავლიაშვილი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე
ბალეტის ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ
მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
თბილისის ოპერის თეატრში პიოტრ ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ პირველად 1900 წელს დაიდგა. ბალეტის ახალი რედაქციის პრემიერა კი 1999 წლის 28 ივნისს შედგა. „მაკნატუნას“ ამ ვერსიის ავტორი ცნობილი რუსი ბალეტმაისტერი იური გრიგოროვიჩია. ეს ვერსია გრიგოროვიჩმა დიდ თეატრში დადგა და დღესაც არის მის რეპერტუარში. სპექტაკლის მხატვრობა სოლომონ ვირსალაძეს ეკუთვნის. „მაკნატუნას“ დადგმა თბილისში ცნობილი თეატრალური მხატვრის სოლომონ ვირსალაძის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.
2010 წლის დეკემბერში „მაკნატუნას“ ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის პრემიერა თბილისის არტ ჰოლში შედგა. იგი ალექსეი ფადეეჩევმა დადგა, თოჯინების ცეკვები გია მარღანიას ეკუთვნის. ბალეტში სოლომონ ვირსალაძის დეკორაციები და კოსტიუმებია გამოყენებული.
პრემიერა შედგა 2010 წლის 25 დეკემბერს თბილისის არტ ჰოლში
შინაარსი
პირველი მოქმედება
საშობაო დღესასწაულზე შტალბაუმების სახლში სტუმრები იკრიბებიან; მათ შორის არის დროსელმაიერი, მარის და ფრიცის – შტალბაუმის შვილების ნათლია. მან შესანიშნავი საშობაო საჩუქარი მოუმზადა ბავშვებს – კაკლის სამტვრევი თოჯინა – სასაცილო მაკნატუნა.
ბავშვები მოუთმენლად ელიან მორთული ნაძვის ხის და საშობაო საჩუქრების ნახვას. ნანატრი წამი დგება – ყველა ტკბება მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხით. მოულოდნელად ჩნდება ჯადოქრის ტანსაცმელში გადაცმული დროსელმაიერი, რომელიც აღფრთოვანებული, მაგრამ შეშინებული ბავშვების თვალწინ თოჯინებს აცოცხლებს. თუმცა მალე ის იხსნის ნიღაბს და მარი და ფრიცი მასში საკუთარ ნათლიას ამოიცნობენ.
მარის თოჯინებთან თამაში სურს, მაგრამ სათამაშოები მიაქვთ. დროსელმაიერი მას სანუგეშოდ მაკნატუნას ჩუქნის. ეს სასაცილო თოჯინა საოცრად მოსწონს მარის. ფრიცი, მარის ცელქი და მოუსვენარი ძმა შემთხვევით ამტვრევს მაკნატუნას. გულდაწყვეტილი მარი ნაზად ეალერსება დამტვრეულ სათამაშოს.
ფრიცი და მისი მეგობრები აჯავრებენ დანაღვლიანებულ მარის. მეზობელი ოთახიდან დაბრუნებული სტუმრები უკანასკნელი ცეკვის – გროსფატერის შემდეგ იშლებიან.
ღამეა. მთვარის შუქით განათებული ოთახი იდუმალებითაა მოცული. მარი „ავადმყოფი“ თოჯინას სანახავად შემოდის. მას მაკნატუნას გვერდით ჩაეძინება და ფანტასტიკურ სიზმარს ხედავს, რომელშიც დროსელმაიერი კეთილი ნათლია კი არაა, არამედ ჯადოქარი. მისი ნებით გარშემო ყველაფერი სხვაგვარი ხდება; კედლები ზემოთ იწევა, ნაძვის ხე ზრდას იწყებს... მასთან ერთად ცოცხლდებიან და იზრდებიან სათამაშოებიც.
უეცრად თაგვების მეფის წინამძღოლობით შემოიჭრებიან თაგვები. მხოლოდ მაკნატუნას მოხერხებულობა და სითამამე გადაარჩენს თოჯინებს: ის ერთ რიგად ჩამწკრივებულ სათამაშო ჯარისკაცებს თაგვებს უპირისპირებს. მაგრამ ძალები არათანაბარია, მაკნატუნა მარტო რჩება თაგვების მეფის და მისი ამალის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარი სასოწარკვეთაშია. დროსელმაიერი მას აწვდის ანთებულ სანთელს, რომელსაც მარი თაგვებს ესვრის და ისინიც შეშინებულები, სხვადასხვა მხარეს გარბიან.
ბრძოლის ველი ცარიელდება. მხოლოდ მაკნატუნა წევს უსულოდ იატაკზე. მარი მის დასახმარებლად მიემართება.
და უეცრად ხდება სასწაული. მარის თვალწინ მაკნატუნა მშვენიერ უფლისწულად გადაიქცევა. სახლის კედლები ქრება. მარი ვარსკვლავიანი ცის ქვეშ, ზღაპრული ნაძვის ხის მახლობლად აღმოჩნდება.
ჯადოსნურ ფერხულში ტრიალებენ თოვლის ფიფქები. მარის და მაკნატუნა-უფლისწულს, როგორც მშვენიერი ოცნება, თავისკენ იხმობს ნაძვის თავზე მოციმციმე ვარსკვლავი. ისინი ჯადოსნურ ნავში სხდებიან და კენწეროსკენ მიემართებიან.
მეორე მოქმედება
მარი და მაკნატუნა-უფლისწული ჯადოსნური ნავით საშობაო ნაძვის სამყაროსკენ ისწრაფვიან. მათთან ერთად არიან მათი მეგობრები – თოჯინები, რომლებიც მოიწვია დროსელმაიერმა. სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ისინი მშვენიერ ვარსკვლავს. და აი, თითქმის უკვე მიაღწიეს ჯადოსნური ნაძვის კენწეროს... მაგრამ უეცრად მათ კვლავ თაგვები ესხმიან თავს. მაკნატუნა-უფლისწული თამამად იგერიებს მათ. მარი და მაკნატუნა შიშით თვალყურს ადევნებენ ორთაბრძოლას. მაკნატუნა-უფლისწული ამარცხებს მტერს.
იმართება საერთო ზეიმი. თოჯინები როგორც იქნა გათავისუფლდნენ ბოროტი თაგვებისაგან. გამოჩნდება დროსელმაიერი, რომელიც წარადგენს მარის და მაკნატუნა-პრინცს, ფერია დრაჟეს და მის კავალერს, თანმხლები პირებით. მარი და მაკნატუნა-უფლისწული ბედნიერები არიან – მათ მიაღწიეს საოცნებო სამეფომდე.
მაგრამ... ყოველივე ეს მხოლოდ სიზმარია. საშობაო ღამე მიილია, მასთან ერთად გაქრა ჯადოსნური სიზმარიც... დგება ახალი დღე. მარი ზის სახლში, ნაძვის ხესთან, მუხლებზე მას მაკნატუნა თოჯინა უდევს.