დავით კინწურაშვილი

დავით კინწურაშვილი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დავით კინწურაშვილმა სწავლა სრულიყო გერმანიაში (მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში) და მას საორკესტრო დირიჟორის დიპლომი მიენიჭა. მოგვიანებით, საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი მიიღო დიდი მაესტროს ბრუნო ვაილის კლასში, რომლის კურსდამთავრებულებს კარაიანის მუსიკალურ შვილიშვილებს უწოდებენ.

2011 წელს დავით კინწურაშვილმა ლატვიის კულტურის აკადემიაში საერთაშორისო კულტურისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე მაგისტრატურა დაამთავრა, პარალელურად სწავლობდა ჰამბურგში (გერმანია) მუსიკისა და თეატრის უმაღლეს აკადემიაში საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი.

დავით კინწურაშვილმა სადირიჟორო მასტერკლასები მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან, კურტ მაზურთან, დუგლას ბოსტოკისთან, კრისტოფ პრიკისთან გაიარა.
მაესტრო 2006 წლიდან აქტიურ სადირიჟორო მოღვაწეობას ეწევა, თანამშრომლობს მიუნხენის სიმფონიურ, ინგოლშტადტის კამერულ, ესენის საოპერო თეატრის, მიუნხენის ფილარმონიის ახალგაზრდულ, ბავარიის ფილარმონიის კამერულ, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი აკადემიის, ტაფელ მიუზიკ ბაროკოს (კანადა), ბადრაიჰენ ჰალის ფილარმონიულ, აარგაუს ფილარმონიულ (შვეიცარია), ვენის სიმფონიურ (ავსტრია), ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან; უდირიჟორა საქართველოს სინფონიეტას, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორკესტრს და სხვ.

2005-2014 წლებში აქტიურად მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ბალ-მასკარადი“, „ნაბუკო“,  „რიგოლეტო“, გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „მითრიდატე, პონტოს მეფე“).
2010-2014 წლებში დავით კინწურაშვილი ელიზაბეტ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო (მიუნხენი).

საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც: 2013 წლიდან იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის მენეჯმენტის ფაკულტეტზე, „მენეჯმენტის ძირითადი საკითხებისა“ და „მუსიკის მენეჯმენტის“ სალექციო კურსებს უძღვება.

2014 წლიდან დავით კინწურაშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.