ისტორია



საქართველოს სახელმწიფო ოპერის დასისა და ორკესტრის შემოქმედებითი ცხოვრება თეატრის შენობის აშენებამდე 1851 წლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. პირველ პროფესიულ სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც იტალიელი შემსრულებლებისგან იყო დაკომპლექტებული, სათავეში ჩაუდგა იტალიელი მევიოლინე და დირიჟორი ბარბიერი და პირველივე სეზონში (1851-52) 12 ევროპული ოპერა დადგა. 
1860 წლიდან თეატრის ორკესტრმა დამოუკიდებელ საკონცერტო ცხოვრებაც დაიწყო და გამართა სიმფონიური მუსიკის კონცერტები შენინგის და კატანის დირიჟორობით.
ორკესტრთან ერთად სცენაზე წარსდგნენ უდიდესი შემსრულებლები, მათ შორის ჯუზეპე ვერდის მეუღლე ჯუზეპინა სტრეპონი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ბანი ფიოდორ შალიაპინი, ბრწყინვალე პიანისტი არტურ რუბინშტეინი, რუსი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი სერგეი რახმანინოვი, დიდი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი რომელიც ხუთჯერ ეწვია საქართველოს (1886-1890), მაღალ შეფასებას აძლევდა ორკესტრს და თეატრის დასს.
ორკესტრი სპექტაკლებში მონაწილეობდა გასტროლებზე ჩამოსულ დასებთან ერთად: პეტერბურგის საბალეტი დასი (1852), იტალიური საოპერო დასები (1897-1898, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტრბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907, 1908, 1913).
XX საუკუნეში ორკესტრს დირიჟორობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ევგენი მიქელაძე, ივანე და ვახტანგ ფალიაშვილები, ოდისეი დიმიტრიადი, გივი აზმაიფარაშვილი, ჯანსუღ კახიძე.
ბოლო წლებში თეატრის ორკესტრთან ერთად წარსდგნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები – პლასიდო დომინგო, ფერუჩო ფურლანეტო, ხოსე კარერასი, მიშელ კრაიდერი, დოლორა ზაჯიკი, მონსერატ კაბალიე, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ალექსანდრე კოსრანტია, ლექსო თორაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ორკესტრს უდირიჟორეს ესტონეთის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა არვო ვოლმერმა, დან ეტინგერმა, შუია ოკაცუმ, ფარხატ კერიმოვმა და სხვ.
ორკესტრს გამართული აქვს წარმატებული გასტროლები უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში, მალტაში, ესპანეთში, ლიბანში. ორკესტრს და მთლიანად დასს დიდი წარმატება ხვდა წილად შვედეთის პრესტიჟულ საოპერო მუსიკის ფესტივალზე.
მუსიკოსების მაღალი შემოქმედებით-პროფესიული დონის გათვალისწინებით ორკესტრის ბაზაზე 2005 წელს შეიქმნა კამერული ორკესტრი, რომელიც რეგულარულად მართავს კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთაც.
დღესდღეობით ოპერის ორკესტრი 121 მსახიობს აერთიანებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად გამოდიან, როგორ დამოუკიდებელი სოლისტები ან ანსამბლისტები. საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გარდა, ორკესტრი ხშირად მართავს სიმფონიური და ვოკალური მუსიკის კონცერტებს, მონაწილეობს სამთავრობო და საქველმოქმედო ღონისძიებებში, თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ დირიჟორებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან.