კახაბერ თეთვაძე



კახაბერ თეთვაძე

კახაბერ თეთვაძე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (1994) დამთავრების შემდეგ კახაბერ თეთვაძემ  მაგისტრის ხარისხი  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო (აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი, პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი).
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი დებიუტი 2001 წელს ჯოაკინო როსინის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს პარტიით შედგა. აქ იგი 2005 წლამდე მოღვაწეობდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო საოპერო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: Gut-Immling-ის 45-ე (გერმანია), ნოვოსიბირსკის ოპერის თეატრის (რუსეთი), ბათუმის ოპერის თეატრის (საქართველო). 2005 წელს კახაბერ თეთვაძე საერთაშორისო კონკურს „ვერდის ხმების“ (ბუსეტო, იტალია) ნახევარფინალისტი გახდა.

2006-2009 წლებში მომღერალი ულმის ოპერის თეატრის (გერმანია) დასს შეუერთდა, სადაც, ასრულებდა ფარელოს (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „სერალიდან გატაცება“), კოლასის („ბასტიენი და ბასტიენა“), მზარეულის (სერგეი პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული“), მონტერონეს (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“),  ბანკოს („მაკბეთი“), სამიელის და განდეგილის (კარლ მარია ვებერის „ჯადოსნური მსროლელი“), თავადი გრემინის (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), შნეკის (კარლ ცელერის „ჩიტების დამჭერი“) პარტიებს.

2009 წლიდან მომღერალი კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაბრუნდა. იმავე წელს აქ მან შეასრულა ატილას პარტია ვერდის ამავე სახელწოდების ოპერაში, ზაქარია „ნაბუკოში“, რამფისი „აიდაში“ და კომანდორი მოცარტის „დონ ჯოვანიში“.
2011 წელს, ხარკოვის საკონცერტო დარბაზში (უკრაინა) შედგა კახაბერ თეთვაძის დებიუტი მოდესტ მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“ ბორისის როლში. 2013 წელს იგი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ გალა კონცერტში და ესტონეთში, საარემაას საოპერო ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც ვერდის „რიგოლეტოში“ სპარაფუჩილეს პარტია შეასრულა.

მომღერლის რეპერტუარშია აგრეთვე კონჩაკი და გალიცკი (ალექსანდრ ბოროდინის „თავადი იგორი“); ფილიპ II და დიდი ინკვიზიტორი (ვერდის „დონ კარლოსი“); გრაფი ვალტერი („ლუიზა მილერი“); ბანის პარტია ვერდის „რეკვიემში“.
კახაბერ თეთვაძე  საოპერო წარმოდგენებში ისეთ ცნობილ მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა, როგორებიც არიან: ბადრი მაისურაძე, ვალერიანო გამგებელი, მზია ნიორაძე, გია ონიანი; თანამშრომლობდა დირიჟორებთან: გოგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯანლუკა მარჩანო, რევაზ ტაკიძე.