ლეგი იმედაშვილი



ლეგი იმედაშვილი

ლეგი იმედაშვილი ლეგი იმედაშვილმა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის და თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1991 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა ვოკალის სპეციალობით (პროფესორ ოლიმპ ხელაშვილის კლასი, პარალელურად მეცადინეობდა პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით). 1992 წლიდან მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1993 წელს შეასრულა აბიო მეფის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ბათუმის საოპერო თეატრის გახსნაზე. 1994 წელს ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა შერგილის და მლოცველის პარტიები რევაზ ლაღიძის ოპერაში „ლელა“. 1993 წლიდან ლეგი იმედაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.

1995 წელს მომღერალი რესპუბლიკური კონკურსის პრიზიორი გახდა, 1997 წელს – ბიულ-ბიულის სახელობის ვოკალისტთა ბაქოს პირველი საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი, 2000 წელს კი  ამავე კონკურსის ლაურეატი.

1999 წელს ლეგი იმედაშვილმა გამართა საგასტროლო ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსკოვის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალექსეი ალექსეევის დირიჟორობით (ჩიკაგო, ნიუ-იორკი, ლას ვეგასი და სხვa), სადაც შეასრულა ბანის პარტია ჯუზეპე ვერდის „რეკვიემში“ და მონაწილეობა მიიღო გალა-კონცერტებში.
2000 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ნოვგოროდში გამართულ ანდრეი სახაროვის სახელობის ფესტივალში, სადაც იმღერა ბანის პარტია ვერდის „რეკვიემში“. 2000-2002 წლებში მომღერალი მუშაობდამოსკოვის „ნოვაია ოპერაში“. 2002 წელს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ, ფილარმონიის საიუბილეო კონცერტზე ლეგი იმედაშვილმა შეასრულა ბანის პარტია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში.

2003 წელს მან მონაწილეობა მიიღო ისრაელში გამართულ გალა-კონცერტში, ხოლო 2005 წელს  ჯუზეპე ვერდის „აიდას“ ახალ დადგმაში, რომელიც თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე განხორციელდა.

ლეგი იმედაშვილის გამოსვლები საოპერო სპექტაკლებსა და კონცერტებზე არაერთხელ მოუსმენიათ რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მსმენელებს. 2005 წელს იგი მონაწილეობდა მილანის „ლა სკალაში“ დადგმულ პიოტრ ჩაიკოვსკის ოპერაში „ქოშები“ (მოხუცი კაზაკი); 2006 წელს, დალჰალას საოპერო ფესტივალზე, ანა ლარსონთან და იური ნეჩაევთან ერთად გამოდიოდა კამილ სენ-სანსის „სამსონ და დალილასა“და ჯუზეპე ვერდის „ტრუბადურში“; ერთი წლის შემდეგ, თბილისის საოპერო თეატრის დასთან ერთად ისრაელში, გალა-კონცერტზე იმღერა; ამავე ქვეყანაში, მოგვიანებით, ბანის პარტია შეასრულა ვერდის „რეკვიემში“ (დირიჟორი - დან ეტინგერი); და ა.შ.

ლეგი იმედაშვილი პარტნიორობას უწევდა პაატა ბურჭულაძეს, ბადრი მაისურაძეს, ირინა ჩისტიაკოვას, მარინა მეშჩერიაკოვას, სტეფანია ტოშიჩკას, ანდრეი სპეხოვს, მიხაილ გუბსკის.
მომღერლის რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: მოცარტის „დონ ჯოვანი“ (ლეპორელო), ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ (დონ ბაზილიო), ვერდის „ტრუბადური“ (ფერნანდო), „აიდა“ (რამფისი, ფარაონი), „ბალ-მასკარადი“ (ტომი), „დონ კარლოსი“ (ფილიპე მეორე), „სიმონ ბოკანეგრა“ (ფიესკო), „ნაბუკო“ (ზაქარია), „მაკბეთი“ (ბანკო), ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“ (კოლენი), „მადამ ბატერფლაი“ (ბერი), ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „მოცარტი და სალიერი“ (სალიერი), „თოვლია“ (თოვლის კაცი), მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (ბორის გოდუნოვი და პიმენი), პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (თავადი გრემინი), ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (აბიო მეფე); აგრეთვე, გუსტავ მალერის, მიხაილ გლინკას, მოდესტ მუსორგსკის, პიოტრ ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, გიორგი სვირიდოვის, ვაჟა აზარაშვილის კამერულ-ვოკალურ ნაწარმოებებს.