ტარიელ ჭიჭინაძე



ტარიელ ჭიჭინაძე

ტარიელ ჭიჭინაძე ტარიელ ჭიჭინაძემ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე იმღერა ზაქარია ფალიაშვილის „დაისში“ ცანგალას, ჯაკომო პუჩინის „ბოჰემაში“ კოლენის, ჯოაკინო როსინის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს, შარლ გუნოს „ფაუსტში“ კი მეფისტოფელის პარტიები.

1975-1995 წლებში ტარიელ ჭიჭინაძე თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო და ამ პერიოდის განმავლობაში 2500 სპექტაკლში 55 პარტია შეასრულა. მათ შორის იყო: აბიო მეფე (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მაკარი (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), ხევისბერი (ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“), ბაბუა ტარიელი (თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ტრიფონი თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“), შერგილი (რევაზ ლაღიძის „ლელა“), მახრების მეფე (ალექსანდრე ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“), ბაყბაყ დევი (მერი დავითაშვილის „ნაცარქექია“), რამფისი, ფარაონი (ჯუზეპე ვერდის „აიდა“), ფერანდო („ტრუბადური“), მონტერონე („რიგოლეტო“), ლოდოვიკო („ოტელო“),დიდი ინკვიზიტორი („დონ კარლოსი“), ფაუსტი (სერგეი პროკოფიევის „ცეცხლოვანი ანგელოზი“), მამა ბენედიქტინი პროკოფიევის „დუენია“), ვარლაამი (მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ებრაელი (რიხარდ შტრაუსის „სალომე“) და სხვა.

1995-2005 წლებში მომღერალი ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი იყო და თურქეთში, ასპენდოზის საოპერო ფესტივალში მონაწილეობდა. 2005 წლიდან ტარიელ ჭიჭინაძე კვლავ თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტია.

თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ტარიელ ჭიჭინაძე დასთან ერთად გამოდიოდა სომხეთში, ესტონეთში, ისრაელში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, მალტაზე, რუსეთში. თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან და რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ოდისეი დიმიტრიადი, ჯანსუღ კახიძე, გივი და ზაზა აზმაიფარაშვილები, არჩილ ჩხარტიშვილი, რობერტ სტურუა, გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი და სხვ.