ბესიკ გაბიტაშვილი



ბესიკ გაბიტაშვილი

ბესიკ გაბიტაშვილი 1983-1988 წლებში ბესიკ გაბიტაშვილი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუსიკის ფაკულტეტზე, პროფესორ ზურაბ ანჯაფარიძის კლასში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც ქუთაისის საოპერო დასში სოლისტად ჩაირიცხა. პარალელურად, 1989-1992 წლებში, მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის კათედრის პედაგოგად.

1993 წლიდან ბესიკ გაბიტაშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. მის რეპერტუარშია როგორც ქართული, ისე ევროპული საოპერო და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები. ბესიკ გაბიტაშვილის რეპერტუარში შედის ბარიტონის პარტიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან „ტრავიატა“ (ჟორჟ ჟერმონი), „ტრუბადური“ (გრაფი დი ლუნა), „დონ კარლოსი“ (როდრიგო დი პოზა), „მაკბეტი“ (მაკბეტი), „ბალ-მასკარადი“ (რენატო), „ატილა“ (ეციო); ჯაკომო პუჩინის ოპერებიდან: „მადამ ბატერფლაი“ (შარპლე), „ბოჰემა“ (მარჩელო), „ტოსკა“ (სკარპია). მომღერალი აგრეთვე ასრულებს ფიგაროს (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), ესკამილიოს (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), დონ ჯოვანის (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“), სილვიოს (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ალფიოს (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“),  ენრიკოს (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ტომსკისა და ელეცკის (პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ალეკოს (სერგეი რახმანინოვის „ალეკო“) პარტიებს. ქართული ოპერებიდან კი მის რეპერტუარშია ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (მურმანი), „დაისი“ (კიაზო), „ლატავრა“ (თადე), ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ (თავადი ლევანი), ბიძინა კვერნაძის „მედეა“ (იაზონი).

ბესიკ გაბიტაშვილი ვოკალისტთა  რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მან მოიპოვა პირველი პრემია ბულბულის სახელობის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსზე (აზერბაიჯანი, ბაქო 1997 წ.) და  ჩაიკოვსკის სახელობის ვოკალისტთა XI საერთაშორისო კონკურსზე (მოსკოვი, რუსეთი, 1998 წ.), მეორე პრემია პამპლონას ხულიან გაიარეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ესპანეთი, 2000 წ.).
სხვადასხვა დროს მომღერალი გასტროლებზე გამოდიოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში.

მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ ცნობილ ქართველ და უცხოელ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ოდისეი დიმიტრიადი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ავთანდილ მამაცაშვილი, თენგიზ ჭუმბურიძე, ზაზა კალმახელიძე, გიორგი ჟორდანია, დავით მუქერია, ალექსანდრ სამოილე, ვიაჩესლავ ვოლიჩი, ჯონ გიბონსი, ჯანლუკა მარჩანო, იოსებ კაბალიე, მიგელ როა, არვო ვოლმერი, დანიელე აჯიმანი და სხვები.