ელდარ გეწაძე



ელდარ გეწაძე

ელდარ გეწაძე ელდარ გეწაძემ 1971 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი პროფესორ დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე მან პირველი პრემიები მოიპოვა: ვოკალისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე (1970 წ.), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1971 წ.), ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (1972 წ.); II პრემია გლინკას სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1975 წ.). 1973 წელს, მისი დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კიაზოს პარტიით შედგა ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“.

მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ელდარ გეწაძეს შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია. 2000-ზე მეტ გამოსვლას შორის ორმოცდაოთხი –  საპრემიერო სპექტაკლი იყო.

1979 წელს, თარაშის როლის შესრულებისათვის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მთვარის მოტაცება“ მომღერალს თეატრალური საზოგადოების პრემია მიენიჭა „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“. იგივე პრემია მან წლის განმავლობაში განხორციელებული როლებისთვის 1980 წელს მიიღო.

მომღერლის რეპერტუარშია როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს საოპერო შედევრები: ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (მურმანი), „დაისი“ (კიაზო); თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ (თარაში), „მინდია“ (ჩალხია), „პირველი სიყვარული“ (ქრისტეფორე); მთავარი პარტიები ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“, „მაკბეთში“, „ნაბუკოში“, „ტრავიატში“, „აიდაში“; მოცარტის „დონ ჯოვანიში“, პუჩინის „ჯანი სკიკიში“, „ტოსკაში“ და სხვ.

1977 წელს, პრაღის ნაციონალური თეატრში, ფესტივალზე „პრაღის გაზაფხული“, ელდარ გეწაძემ ელეცკი განასახიერა ჩაიკოვსკის „პიკის ქალში“;
ლენინგრადის ფესტივალში „თეთრი ღამეები“ –   ნაბუკო (1984 წ.);
კიევში, ფესტივალზე „კიევის გაზაფხული“ წარმოდგენილ „ტრუბადურში“ გრაფი დი ლუნა (1985 წ.);
რუპრეხტისა და ფერდინანდის პარტიები შეასრულა დუისბურგში, ესენსა და ჰელზენკირხენში (გერმანია), პროკოფიევის სახელობის ფესტივალზე, ოპერებში „ცეხლოვანი ანგელოზი“ და „დუენია“. ამავე წელს, ბუსეტოში (იტალია), „ვერდის ფესტივალზე“ იმღერა იაგოს პარტია ვერდის „ოტელოში“ და გალა-კონცერტებში მიიღო მონაწილეობა.

მომღერალს ნაყოფიერი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ქართველ კომპოზიტორებთან: ოთარ თაქთაქიშვილთან, ვაჟა აზარაშვილითან, ალექსანდრე შავერზაშვილთან, გოგი ჩლაიძესთან, თენგიზ შავლოხაშვილთან და სხვ. იგი მისთვის დაწერილი ცხრა ვოკალური ციკლის პირველი შემსრულებელიცაა.

ელდარ გეწაძის გასტროლები მოიცავს იტალიას, გერმანიას, ფინეთს, ესპანეთს, რუმინეთს, ჩეხეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას. ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად სოლო კონცერტებით მან საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა.

მომღერალს ხანგრძლივი შემოქმედებითი ურთიერთობები აკავშირებდა გამოჩენილ დირიჟორებთან და რეჟისორებთან, მათ შორის: ოდისეი დიმიტრიადისთან, დიდიმ მირცხულავასთან, ვახტანგ ფალიაშვილთან, ჯანსუღ კახიძესთან, დიმიტრი ალექსიძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, გიზო ჟორდანიასთან, გიორგი გელოვანთან, რობერტ სტურუასთან და სხვ.

მომღერალი დაარსების დღიდან დღემდე საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრია, ბოლო წლებში კი ამავე საზოგადოების გამგეობის წევრიც.

ელდარ გეწაძე რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ზ. ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელი, გოეთეს საზოგადოების საპატიო წევრია.
1997 წლიდან მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. მის აღზრდილებს მოპოვებული აქვთ ოცდახუთი საერთაშორისო ლაურეატის წოდება. 2013 წელს ელდარ გეწაძეს საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა